logo
ENG



"რუსეთი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს" - ლელომ უკრაინის ელჩს მხარდამჭერი ნოტა გადასცა

24 იან 202214:48
3 წუთის საკითხავი
clock 592

საპარლამენტო ფრაქცია ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის ლიდერები უკრაინის ელჩს საქართველოში იგორ დოლგოვს უკრაინის მხარდამჭერი საგანგებო ნოტა გადასცეს, რომლის ადრესატებიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი არიან.

უკრაინის პრეზიდენტის და რადას სპიკერისთვის განკუთვნილ წერილში ნათქვამია, რომ :

"რუსეთი საფრთხის ქვეშ აყენებს არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, თვით სუვერენულობის იდეასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. მათ შორისაა ყველა ერის სუვერენული უფლება, თავისუფლად აირჩიოს საერთაშორისო ალიანსები.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველო-უკრაინის ხალხი ეწევა საერთო ბრძოლას ეროვნული სუვერენულობისა და თავისუფლებისთვის.

ჩვენ, ლელოს ლიდერები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ უკრაინასა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სამხედრო მიმართულებებით", - წერია საგანგებო ნოტაში.

საქართველოს მთავრობას პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები უკრაინის საკითხზე პასიურობის გამო აკრიტიკებენ. გუშინ, 23 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას.

***

უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.

12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს შესთავაზა სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების და სივრცითი და კიბერ საფრთხეების შემცირების მიზნით. 

თავის მხრივ რუსეთმა კვლავ თავისი მოთხოვნები დააყენა: უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. 

პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სერიოზულად განიხილება ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება. 

ამასთან, ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს. 

ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია. 

გარდა ამისა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.

აღსანიშნავია, რომ 21 იანვარს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს კიდევ ერთხელ, ჟენევაში შეხვდნენ. 

შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა განაცხადა, რომ მას არ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი და აშშ თავიანთ განსხვავებებს შეხვედრებით გადაჭრიან, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები დიპლომატიურ გზას გაუყვებიან და საკითხს მშვიდობიანად გადაწყვეტენ.

გარდა ამისა, ბლინკენის თქმით, ის ლავროვს მომდევნო მოლაპარაკებების შესახებაც შეუთანხმდა.

შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმაც თქვა, რომ როგორც ბლინკენს შეუთანხმდა, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ამერიკული მხარე მათ წერილობით პასუხს შემდგომში გასცემს. 

22 იანვარს აშშ-დან უკრაინაში სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა. შემოწირულობა მოიცავს დაახლოებით 200 000 ფუნტ ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით. დახმარების ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარია. 


close დახურვა