logo
ENG



იაპონელი მეცნიერები: ომიკრონი პოლიეთილენის ზედაპირებზე 8 დღე, კანზე კი 21 საათი ძლებს

25 იან 202210:50
3 წუთის საკითხავი
 
იაპონელი მეცნიერები: ომიკრონი პოლიეთილენის ზედაპირებზე 8 დღე, კანზე კი 21 საათი ძლებს

იაპონელი მეცნიერების ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით ომიკრონის ვარიანტი ადამიანის კანზე 21 საათს, ხოლო პოლიეთილენის ზედაპირებზე 193.5 საათს ძლებს, რაც წინა შტამებთან შედარებით ნავარაუდევზე დიდი დროა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

კიოტოს პრეფექტურული სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა აღმოაჩინა, რომ კორონავირუსის პირველად ვარიანტთან შედარებით მომდევნო შტამები უფრო მეტხანს აგრძელებდნენ არსებობას.

მათი დასკვნით, ომიკრონს აქვს „გარემოსადმი მაღალი მდგრადობა“ - რაც იმას ნიშნავს, რომ მას ინფექციურ ვირუსად ხანგრძლივად შენარჩუნების უნარი აქვს. მეცნიერების აზრით, ამ უნარის გამო იყო შესაძლებელი რომ ის ჩაანაცვლებდა დელტას შტამს და უფრო სწრაფად გავრცელდებოდა.

„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ პოლიეთილენის ზედაპირებსა და კანზე ალფა, ბეტა, დელტა და ომიკრონის ვარიანტები 2-ჯერ მეტხანს ძლებენ ვიდრე ვუჰანში აღმოჩენილი ვარიანტი და კანზე ინფექციურობას 16 საათზე მეტხანს ინარჩუნებენ“ - წერს კვლევის ავტორი.

ომიკრონის შემთხვევაში პოლიეთილენის ზედაპირებზე ეს 193.5 საათია, რაც 8 დღეს უდრის. კანზე კი ვირუსი დაახლოებით 21 საათს ძლებს.

შედარებისთვის ორიგინალი ვარიანტი პოლიეთილენის ზედაპირზე 56 საათს ძლებდა, კანზე 8.6 საათს. დელტა ვარიანტი კი შესაბამისად  114 და 16.8 საათს. 

„ამ კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ომიკრონის ვარიანტს აქვს ყველაზე მაღალი მდგრადობა გარემოსადმი ყველა საგულისხმო ვარიანტს შორის. ეს მაღალი სტაბილურობა კი ასევე შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ომიკრონის ვარიანტს მისცა შესაძლებლობა, რომ დელტა ჩაენაცვლებინა და უფრო სწრაფად გავრცელებულიყო“ - წერია კვლევაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა შტამის ვირუსის ნაწილაკები ეთანოლის სპირტის შეხებისას დაახლოებით 15 წამის შემდეგ წყვეტენ არსებობას. 

შესაბამისად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით არსებული ინფექციის კონტროლისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელების ჰიგიენის დაცვა სპირტის ბაზაზე დამზადებული სანიტაიზერით.

ევროპის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ომიკრონი დღეს ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია და მათ უმრავლესობაში დომინანტურ ვარიანტად იქცა. ფინეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შემთხვევების 99.9%, ხოლო ბელგიაში 99.7% სწორედ ომიკრონის შტამია.


close დახურვა