ფორმულას ინფორმაციით, აფხაზეთის ა.რ. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ სამინისტროდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა.
ირკვევა, რომ ქართული ოცნების ლიდერის ირაკლი კობახიძის სიძემ მისი მოადგილე მურად აბლოთია და აფხაზეთის ა.რ. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი მინდია სილაგავა სამსახურიდან გაუშვა. ასევე, ფორმულას ინფორმაციით, გათავისუფლებულია სამინისტროს იურისტი ლევან აქუბარდიაც.
ფორმულასთან სატელეფონო საუბარში მინისტრის მოადგილე მურად აბლოთია ადასტურებს, რომ პოსტი დატოვა. მისი მტკიცებით, განცხადება თავად დაწერა და ის გაუთავისუფლებიათ.
16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. კაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია მიიჩნევს, რომ თვითმკვლელობაზე პასუხისმგებელია "ბევრი პირი, მათ შორის აჟიოტაჟი, რომელიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს".
თემქაზე დევნილები რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ და მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო და შენობამ ნგრევაც დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება. ამასთან, სახალხო დამცველი ხელისუფლებას მიმართავს, რომ სანატორიუმის შენობიდან დევნილების განსახლება დროულად მოხდეს.