სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი საკონსტიტუციოში გაასაჩივრა. მისი წარმომადგენელი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა.
კერძოდ, გასაჩივრდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში შესული იმ ცვლილებების კონსტიტუციურობის საკითხი, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ ორი ახალი სამსახურის შექმნას და სამსახურის გაყოფის თანამდევ შედეგებს, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საფუძველზე შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების არჩევას.
სარჩელით, ლონდა თოლორაია მოითხოვს, ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.
"ვფიქრობ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის თავის სათქმელს დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და ყველა არჩევითი თანამდებობის სტაბილურობის, უსაფუძვლოდ მათი თანამდებობიდან გათავისუფლებისგან დაცვის კონსტიტუციური უფლების უზრუნველსაყოფად", - აცხადებს ლონდა თოლორაია.
30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა. დეპუტატებმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცეს. სამსახურის გაუქმებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 იანვარს მოაწერა.