სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ აღდგენილა.
მათი ცნობით, 28 იანვარს დანიშნული ფრენა ერთჯერადი, ჩარტერული რეისია, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლების ტრანსპორტირების მიზნით დაიგეგმა.
სააგენტოში ამბობენ, რომ ფრენაზე ნებართვა ორივე ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების მიერ გაიცა.
"საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ აღდგენილა.
28 იანვარს დანიშნული თბილისი-მოსკოვი-თბილისის ფრენა წარმოადგენს ერთჯერად ჩარტერულ რეისს, რომლის შესრულებაც შესაბამისი უწყებების მხრიდან რაიმე გამონაკლისის დაშვებას არ საჭიროებს, რადგან საუბარია არა რეგულარულ, არამედ ერთეულ ჩარტერულ რეისზე.
ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, დაგეგმილი ფრენა მიზნად ისახავს ბიზნესის წარმომადგენლების ტრანსპორტირებას ორივე მიმართულებით, რაზეც მასზე გაიცა ერთჯერადი ნებართვა ორივე ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების მიერ.
ინფორმაციისთვის, აქვე აღვნიშნავთ, რომ რუსული მხარის მიერ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ (2019 წლის 8 ივლისიდან დღემდე), საქართველოსა და რუსეთს შორის არაერთხელ შესრულდა ცალკეული ჩარტერული რეისი სამედიცინო დანიშნულებით, თუ ბიზნეს რეისი მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია ჯორჯიან ეარვეისმა 28 იანვარს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენა დანიშნა.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში შეწყდა ე.წ. "გავრილოვის ღამისა" და მისი თანმდევი მოვლენების გამო. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით ეკრძალებათ საქართველოში ავიამიმოსვლა.