logo
ENG



ევროსაბჭოს ასამბლეამ სამხრეთ კავკასიაში ლგბტ თემის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეზოლუცია მიიღო

26 იან 202221:19
3 წუთის საკითხავი
 
ევროსაბჭოს ასამბლეამ სამხრეთ კავკასიაში ლგბტ თემის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სამხრეთ კავკასიაში ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებათა დარღვევის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო ასამბლეა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ლგბტ ადამიანებთან დაკავშირებული მდგომარეობით შეშფოთებულია, ვინაიდან ამ ქვეყნებში თემის წარმომადგენელთა უფლებათა დარღვევის არაერთი ფაქტი დასტურდება.

„ასამბლეა მიესალმება საქართველოში მიღწეულ პროგრესს დისკრიმინაციასთან ბრძოლაში, საუბარია იმ კანონმდებლობაზე, რომლის მიხედვითაც ლგბტ-ფობია სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა. კანონში შეტანილი ეს ცვლილება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის დისკრიმინაციის საფუძვლად განხილვას კრძალავს" - წერია რეზოლუციაში.

კონკრეტულად საქართველოს ხელისუფლებას ასამბლეა კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანისა და ახალი ორგანოს შექმნისკენაც მოუწოდებს.

"ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:

  • ანტიდისკრიმინაციულ კანონში ასევე შეიტანოს გენდერული ექსპრესია და სექსუალობასთან დაკავშირებული მახასიათებლებიც შეიტანოს.
  • უზრუნველყოს თანასწორობა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის სრულყოფილი განხორციელება. რეგულარულად შეამოწმოს სიტუაცია და გადაანაწილოს ადეკვატური ფინანსური და ადამიანური რესურსები შესაბამის ორგანოებსა და ავტორიტეტებზე.
  • საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში ლგბტ-ფობიურ სიძულვილის ენასთან ბრძოლისა და პრევენციისთვის შექმნას ორგანო, რომელიც მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დიალოგს შეძლებს. ამ ორგანოს მიზანი ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან საჯარო ღონისძიებების მიმართ, როგორიცაა გეი პრაიდის მარში, დამოკიდებულებების დამშვიდება და ლგბტ თემის მიმართ სტიგმის გამაღრმავებელი კომენტარებისგან თავის შეკავების აუცილებლობაზე მითითება იქნება." - წერია რეზოლუციაში.

ასამბლეა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ეფექტური კანონმდებლობის მიღებისა და პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს, რაც სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გენდერული გამოხატვისა და სექსუალობასთან დაკავშირებული მახასიათებლების გამო ადამიანების დისკრიმინაციას შეეწინააღმდეგება.

"ასამბლეა სამი ქვეყნის ხელისფლებას მოუწოდებს:

  • რომ ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა უზრუნველყოს და მათ შორის თემის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ჩატარებისას უსაფრთხოების ზომების დაიცვა უზრუნველყოს.
  • ასევე მოუწოდებს, რომ კანონმდებლებმა მიიღონ მედიისა და პარლამენტისთვის ქცევის კოდექსი, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენლებს მიმართ სიძულვილის ენის გარდა სტიგმის გამაღრმავებელ და დისკრიმინაციული შინარსის კომენტარებსაც აკრძალავს. 
  • უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და მისი პერსონალის უსაფრთხოება.
  • ჩაატაროს ეფექტური გამოძიება და საქმე აღძრას ლგბტ თემის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობაზე.
  • მიიღოს და განახორციელოს სამოქმედო გეგმა სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გენდერული გამოხატვისა და სექსუალობასთან დაკავშირებული მახასიათებლების გამო ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომლის მიზანიც ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების და ცხოვრების პირობების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სოციალური გათიშვის, სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის ყველანაირი ფორმის პრევენცია და მათ წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.
  • გააუმჯობესოს სექსუალურ და რეპროდუქციული ჯანდაცვაზე წვდომა და ინფორმაცია და აამაღლოს ცნობიერება სექსუალურად გადამდები დაავადებების შესახებ.
  • შემოიღოს სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები, რომლებიც საკუთარი თავის განსაზღვრაზე იქნება დაფუძნებული, რაც ტრანსგენდერ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას შეიცვალონ სახელი, სქესი დაბადებისა და პირადობის მოწმობაში, პასპორტში, დიპლომებსა და მსგავს დოკუმენტებში და უზრუნველყოს, რომ ეს პროცედურები იქნება მკაფიო და პასუხისმგებელ ინსტიტუტები სწორად იქნება შერჩეული."

რეზოლუციაში ასევე საუბარია სექსუალური განათლების ინტეგრაციის აუცილებლობაზე, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე.

მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია 3 ქვეყნის ხელისუფლებას სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებში ლგბტ-ფობიასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სიძულვილის ენის შესახებ გადამზადებისკენ მოუწოდებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ომბუდსმენის როლისა და ძალის ზრდისკენ და ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.


close დახურვა