დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, სანატორიუმ ქართლში მცხოვრებ 9 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცა, 7-მა ოჯახმა კი თავად მოიძია საცხოვრებელი ფართები, რომლებსაც უწყების ცნობით, სააგენტო შეუსყიდის.
როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, უწყება გრძელვადიანი განსახლებისთვის სანატორიუმ ქართლის მცხოვრებლებს ორ გზას სთავაზობს:
• დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში;
• დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, 2022 წლის განმავლობაში, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.
"ამ ეტაპზე, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, სააგენტოს მენაშენეების პროექტის ფარგლებში შესყიდული სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები ჩაბარდა. აღნიშნული საცხოვრებელი ფართები სააგენტომ, გაცემული დაპირების შესაბამისად, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შესთავაზა. განსახლების პროცესი დაწყებულია და 2022 წელს, ეტაპობრივად, ყოფილ სანატორიუმ ქართლში მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით უპირობოდ დაკმაყოფილდება", - წერია განცხადებაში.
სააგენტოს მტკიცებით, დევნილი ოჯახების ნაწილმა უკვე დაიწყო აღნიშნული შეთავაზებებით სარგებლობა.
***
16 იანვარს, თემქაზე, სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე კაცი შენობიდან გადმოხტა. მან სიცოცხლე პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა.
მისი დაკრძალვის შემდეგ დევნილებმა პროტესტი განააახლეს.
სანატორიუმ ქართლის შენობა, სადაც ისინი აფხაზეთის ომის შემდეგ, 29 წელია, ცხოვრობენ, ავარიული და სიცოცხლისთვის საშიშია. დევნილები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება. ამასთან, სახალხო დამცველი ხელისუფლებას მიმართავს, რომ სანატორიუმის შენობიდან დევნილების განსახლება დროულად მოხდეს.