logo
ENG



კასპის ყოფილი მერის ინფორმაციით, კასპის საკრებულოს თავმჯდომარეს ყალბი დიპლომი აქვს

28 იან 202211:48
3 წუთის საკითხავი
clock 768

კასპის ყოფილი მერის, მანუჩარ მერებაშვილის ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს, შმაგი ბეგლარაშვილს ყალბი დიპლომი აქვს.

კასპის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე საკრებულოს თავმჯდომარის განათლების შესახებ მითითებულია, რომ ბეგლარაშვილმა 1992-97 წლებში უმაღლესი განათლება თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში მიიღო და 1997 წელს ამ უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა.

ყოფილი მერის ცნობით, აღნიშნულ წლებში თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ოფიციალურად რეგისტრირებული არ იყო, შესაბამისად ბეგლარიშვილის დიპლომი ყალბია.

„შმაგი ბეგლარაშვილს მითითებული აქვს, რომ კონკრეტულ წლებში მან სწავლა დაიწყო თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში და იმის წარმოდგენა და ინფორმაციაც კი არ აქვს, რომ ამ უნივერსიტეტში განათლების მიღებას ვერ დაიწყებდა, გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტს ამ დროისთვის რეგისტრაციაც კი არ გააჩნდა“, - აცხადებს კასპის ყოფილი მერი, მანუჩარ მერებაშვილი.

მერებაშვილი ახალი საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს მოუწოდებს, შმაგი ბეგლარაშვილის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყონ.


close დახურვა