logo
ENG



ნაცვლიშვილი: გარევაჭრობა აკრძალული არაა, კალაძის მითითების აღსრულების საფუძველი არ არსებობს

28 იან 202212:33
3 წუთის საკითხავი
clock 750
ფორმულა/ვახო ქარელი

ლელოს წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ გარევაჭრობა კანონით აკრძალული არ არის და კახა კალაძის მითითება, რომ ისინი ვარკეთილის მეტროდან სავაჭრო სივრცეში გადაიყვანონ, "კიდევ ერთი უპასუხისმგებლო და კანონთან შეუსაბამო ქმედებაა". 

ნაცვლიშვილის თქმით, ლელომ დეკემბერში ამ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც გარემოვაჭრეების უფლებების დაცვას ეხებოდა. 

დეპუტატი მიიჩნევს, რომ სანამ პარლამენტი არ იმსჯელებს და ეს პრობლემა საკანონმდებლო დონეზე არ მოგვარდება, მანამდე გარემოვაჭრეებთან დაკავშირებით მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.

"მივმართავ თბილისის მერს - მის მიერ გაცემული მითითების აღსრულების საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს. გარევაჭრობა დღევანდელი კანონმდებლობით აკრძალული არ არის, ამიტომ გარემოვაჭრეებზე ნებისმიერი ზეწოლა თუ დარწმუნება, რომ რაღაცას აფუჭებენ და ერთი ადგილიდან უნდა ადგნენ და სხვაგან გადავიდნენ, არის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო და კანონთან შეუსაბამო მოქმედება. სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ გარევაჭრობის თემა კანონით და ცივილიზებული ნორმების ფარგლებში დარეგულირდეს", - ამბობს ნაცვლიშვილი.

26 იანვარს, თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ სამგორის გამგეობას დაავალა, ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ გარემოვაჭრეები სავაჭრო სივრცეებში გადაიყვანონ, რადგან "ფეხით გადაადგილება დისკომფორტია". მერის თქმით, ამ თემაზე "ბევრი უკმაყოფილო მოქალაქის შეტყობინება მიიღეს". 

კალაძემ თანამშრომლებს მიმართა, დღესვე დაიწყონ გარემოვაჭრეებთან კომუნიკაცია და მისცენ მათ გონივრული ვადა.


close დახურვა