გორის სამხედრო ჰოსპიტალი განმარტავს, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის გორში გადაყვანის კადრების შენახვის ვალდებულება არ ჰქონდათ, რადგან, მათი განმარტებითვე, კამერები სააკაშვილის გადაყვანის პერიოდში დამონტაჟდა და მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის უსაფრთხოებას ემსახურებოდა.
"ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, თითქოსდა ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა შეგნებულად გაანადგურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრები.
საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის პერიოდში მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამონტაჟდა კამერები. როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან უკან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა განხორციელდა 30 დეკემბერს, 00:15 საათზე. რადგან აღნიშნული კამერები ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მიზნებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა." – წერია განცხადებაში
გორის სამხედრო ჰოსპიტალი აცხადებს, რომ მაშინ როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მათ ჩანაწერების დაარქივება მოსთხოვა ვიდეომასალები უკვე წაშლილი იყო. სამხედრო ჰოსპიტალის თქმით, მათმა წარმომადგენელმა სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურს საკითხზე ჩვენება მისცა, და სამსახურს რაიმე ტიპის კანონდარღვევა არ დაუფიქსირებია.
"მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გადაყვანიდან თითქმის ორი დღის შემდეგ, 31 დეკემბერს 18:25 წუთზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან შემოვიდა წერილი, სადაც მოთხოვნილი იყო 27 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ვიდეო-მასალის დაარქივება. როგორც უკვე განვმარტეთ, აღნიშნული ვიდეომასალა უკვე წაშლილი იყო, რადგან არ არსებობდა მისი შენახვის არც ვალდებულება და არც მიზანშეწონილობა. უფრო მეტიც, სახელმწიფო ინპექტორის მოთხოვნა სრულად ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდებოდა, კამერები კვლავ მუშა მდგომარეობაშიც კი რომ ყოფილიყო, რადგან აღნიშნულ კამერებს აქვთ 72 საათიანი მუშაობის რეჟიმი, რის შემდეგაც ავტომატურად ხდება მასალის გადაწერა. სახელმწიფო ინსპეტორის წერილი კი როგორც აღინიშნა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიდან გაწერიდან საკმაოდ დიდი პერიოდის შემდეგ შემოვიდა.
მასთან, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში დავით ღონიაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის მიცემული აქვს დეტალური ჩვენება და მათ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის კანონდარღვევა არ დაუფიქსირებიათ.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებისათვის ცხადი იქნება, რომ მიმდინარე კამპანია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია და სანამდვილესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია." – წერს გორის სამხედრო ჰოსპიტალი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალმა სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების ამსახველი კადრები წაშალა ან არ შეინახა.
მისი თქმით, გამოძიებამ ეს კადრები გამოითხოვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ აღარ არსებობს.
"გორის ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებას ეხებოდა, გამოძიებას გამოთხოვილი ჰქონდა ინფორმაცია როგორც გორის ჰოსპიტალიდან, ასევე, სასჯელაღსრულების სისტემიდან. როგორც აღმოჩნდა, მიღებული პასუხით, გორის ჰოსპიტალს წაშლილი აქვს ჩანაწერები ან არ აქვს შენახული, რომელიც დაკავშირებული იყო ამ ინციდენტთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მალევე გახდა ცნობილი, ჰქონდა გამოხმაურებაც და ცხადი იყო, რომ ამ საკითხის შესწავლა იყო დაწყებული", - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატების ცნობით, კადრები ეხებოდა სააკაშვილისთვის საათის მოხნის ეპიზოდს. დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი პალატაში იყო, როცა მას პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები საწოლში თავს დაესხნენ და მასზე იძალადეს.