logo
ENG



ლავროვი: ომები არ გვინდა, მაგრამ არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას

28 იან 202218:39
3 წუთის საკითხავი
clock 1639

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მტკიცებით, თუ ეს რუსეთზეა დამოკიდებული, მაშინ "ომი არ იქნება".

ამასთან, როგორც ლავროვმა სპუტნიკთან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთს "ომები არ უნდა", თუმცა ისინი არ დაუშვებენ თავიანთი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას. 

"ეს თუ დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება; ჩვენ ომები არ გვინდა, მაგრამ ასევე, ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას არ დავუშვებთ და მათი იგნორირების უფლებასაც არავის მივცემთ", - აღნიშნა მან. 

ლავროვი ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ნატო-სგან მიღებულ წერილობით პასუხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-სგან მიღებულ წერილში რამდენიმე კონსტრუქციული ნაწილი იყო, თუმცა ძირითადად, მეორეხარისხოვან საკითხებზე. ლავროვმა აშშ-ის ნაწილს "დიპლომატიის მწვერვალი" უწოდა, ხოლო ალიანსის შემთხვევაში "ძალიან იდეოლოგიზირებული". 

ლავროვის თქმით, რუსეთი აშშ-ისა და ნატო-სგან წერილების მიღების შემდეგაც უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციებს არ იცვლის. 

"ეს ტექსტი ჩვენ არ გვაკმაყოფილებს. რატომ არ ასრულებს დასავლეთი თავის ვალდებულებებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ჩვენს ინტერესებს აიგნორებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ არის დაფიქსირებული", - თქვა რუსეთის საგარეო მინისტრმა. 

***

რამდენიმე თვეა უკრაინის საზღვართან კვლავ რჩება ასი ათასამდე რუსი ჯარისკაცი. კიევი და დასავლური სახელმწიფოები შიშობენ, რომ რუსეთი შეჭრისთვის ემზადება.

26 იანვარს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-მ და NATO-მ რუსეთს წერილობითი პასუხი გადასცეს. დოკუმენტის შინაარსი ცნობილი არაა. ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები, რომელზეც მოსკოვი აპელირებს, აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოების შეჩერებას გულისხმობს, რასაც დასავლეთი არ იზიარებს. 

რუსეთმა აშშ-სა და NATO პირობები წაუყენა, რომ ალიანსმა უარი თქვას ახალი წევრების მიღებაზე, პირველ რიგში ეს ეხება უკრაინას. ასევე, არ განათავსოს ჯარები ქვეყნებში, რომელიც 1997 წლის შემდეგ გახდნენ წევრები. 

სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, პასუხში უკან არ დაუხევიათ NATO-ს პრინციპებთან დაკავშირებით, რომელიც ალიანსის ღია კარის პოლიტიკას ეხება. წერილში, ასევე, ჩამოთვლილია ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-სა და მისი მოკავშირეების შეთავაზებები, მათ შორის საუბარია სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე ახალი ხელშეკრულების შესახებ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, პასუხის მომზადებისას მოკავშირეებმა მათი პოზიციებიც გაითვალისწინეს. 

გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მზად არიან რუსეთს მოუსმინონ. ამავე დროს კი მოუწოდა მოსკოვს, რომ თავისი ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან. 

რუსეთში აცხადებენ, რომ NATO-სა და აშშ-ს წერილებს სწავლობენ, მომდევნო ნაბიჯებს კი პრეზიდენტი პუტინი განსაზღვრავს. 


close დახურვა