logo
ENG



ზელენსკი: პატივსაცემი ლიდერებიც ამბობენ, რომ ხვალ უკრაინაში ომი დაიწყება, ეს პანიკაა

28 იან 202223:28
3 წუთის საკითხავი
clock 2293

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, განცხადებები, რომ უკრაინაში ხვალ შეიძლება ომი დაიწყოს არის პანიკის შექმნა და უკრაინის ეკონომიკას საფრთხის ქვეშ აყენებს.

"პატივსაცემი ლიდერების მხრიდანაც მოდის გზავნილები, რომ ხვალ უკრაინაში ომი დაიწყება. ეს არის პანიკა. რად დაუჯდება ეს ჩვენს ქვეყანას? " – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკის თქმით, შეცდომაა აშშ–ის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის გადაწყვეტილებებიც, საელჩოს თანამშრომლების კიევიდან გაყვანის შესახებ.

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ქვეყნის შიდა დესტაბილიზაცია წარმოადგენს.

შეგახსენებთ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი ემილი ჰორნი აცხადებს, რომ აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო დიალოგში თქვა, რომ , დიდი შანსია, რუსეთი უკრაინაში მომავალ თვეში შეიჭრეს.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მტკიცებით კი , თუ ეს რუსეთზეა დამოკიდებული, მაშინ "ომი არ იქნება".

ამასთან, როგორც ლავროვმა სპუტნიკთან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთს "ომები არ უნდა", თუმცა ისინი არ დაუშვებენ თავიანთი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას. 

***

რამდენიმე თვეა უკრაინის საზღვართან კვლავ რჩება ასი ათასამდე რუსი ჯარისკაცი. კიევი და დასავლური სახელმწიფოები შიშობენ, რომ რუსეთი შეჭრისთვის ემზადება.

26 იანვარს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-მ და NATO-მ რუსეთს წერილობითი პასუხი გადასცეს. დოკუმენტის შინაარსი ცნობილი არაა. ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები, რომელზეც მოსკოვი აპელირებს, აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოების შეჩერებას გულისხმობს, რასაც დასავლეთი არ იზიარებს. 

რუსეთმა აშშ-სა და NATO პირობები წაუყენა, რომ ალიანსმა უარი თქვას ახალი წევრების მიღებაზე, პირველ რიგში ეს ეხება უკრაინას. ასევე, არ განათავსოს ჯარები ქვეყნებში, რომელიც 1997 წლის შემდეგ გახდნენ წევრები. 

სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, პასუხში უკან არ დაუხევიათ NATO-ს პრინციპებთან დაკავშირებით, რომელიც ალიანსის ღია კარის პოლიტიკას ეხება. წერილში, ასევე, ჩამოთვლილია ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-სა და მისი მოკავშირეების შეთავაზებები, მათ შორის საუბარია სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე ახალი ხელშეკრულების შესახებ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, პასუხის მომზადებისას მოკავშირეებმა მათი პოზიციებიც გაითვალისწინეს. 

გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მზად არიან რუსეთს მოუსმინონ. ამავე დროს კი მოუწოდა მოსკოვს, რომ თავისი ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან. 

რუსეთში აცხადებენ, რომ NATO-სა და აშშ-ს წერილებს სწავლობენ, მომდევნო ნაბიჯებს კი პრეზიდენტი პუტინი განსაზღვრავს. 


close დახურვა