logo
ENG



"სისულელეა" – ნარმანია უარყოფს, რომ მის ცოლს საბადურის ტყეში ნაკვეთი 40 წლით გადაეცა

29 იან 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock 1450
2022/01/29/vuea9kueopmognd.jpg

ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ დავით ნარმანიას მეუღლის კომპანიას საბადურის ტყის 10 ჰექტარი 40 წლით, იჯარით გადაეცა. 

ხაბეიშვილის თქმით, აუქციონი საბადურის ტყის 10 ჰექტარზე 2019 წლის მაისში გამოცხადდა და ერთ თვეში დარეგისტრირდა კომპანია, რომლის დირექტორი დავით ნარმანიას მეუღლეა. 

"2019 წლის მაისში გამოცხადდა ეს ელექტრონული აუქციონი, თითქოს ამ ათ ჰექტარზე, ერთ თვეში დარეგისტრირდა კომპანია, რომლის დირექტორიც არის დავით ნარმანიას მეუღლე და არ გაუკვირდება საზოგადოებას თუ აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ამ ერთ თვეში დაფუძნებულმა კომპანიამ, მიიღო ეს 10 ჰექტარი საბადურის ტყის, 40-წლიანი სარგებლობის უფლებით, ეს არის კლასიკური მაგალითი და გაგრძელება ღარიბაშვილის მეუღლისთვის ნაჩუქარი ტყის და საბოლოო ჯამში "ჩელენჯს" დაემსგავსა, რომ ჩინოვნიკებმა გაიტაცეს ტყეები და ტყის გადასახადს ფაქტობრივად არ იხდიან", – ამბობს ლევან ხაბეიშვილი

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და მას "სისულელეს" უწოდებს. 

"რაზე უნდა ჩაგეწეროთ, სისულელე დაწერეს რაღაცა, სისულელეა, ჩემი მეუღლე მაგ კომპანიაში მუშაობს, როგორც დანიშნული დირექტორი, შეგიძლიათ ეგ თქვათ და სხვა დანარჩენი, რაც გავრცელდა არის აბსოლუტური სისულელე" – ამბობს ნარმანია.

ამას გარდა, პრემიერის ცოლისთვის ბაკურიანში ტყის ფართობის 49 წლით სარგებლობაში გადაცემის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. საუბარია 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ტყის მასივზე.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მტკიცებით, ღარიბაშვილის მეუღლემ, ნუნუ თამაზაშვილმა ტყის ფართობით სარგებლობის უფლება ელექტრონული აუქციონით მოიპოვა. სააგენტოს ინფორმაციით, ტყით სპეციალური სარგებლობა საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული, თუ სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით 49 წლის ვადით სხვადასხვა ვალდებულებების გათვალისწინებით გამოცხადდა. ეს ვალდებულებები ახლა ნუნუ თამაზაშვილს აკისრია. სააგენტოს ირწმუნება, რომ ამ აუქციონში მონაწილეობა ყველა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეეძლო.

ტყის ფართობის სახელმწიფოსთვის დაბრუნების მოთხოვნა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, გიორგი ბოტკოველმა და ლევან ხაბეიშვილმა ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე გააჟღერეს და დეპუტატებს განცხადებაზე ხელმოწერა სთხოვეს.

მმართველი პარტიის წევრებმა ხელმოწერაზე უარი განაცხადეს, რასაც საკრებულოში ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.


close დახურვა