ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოსული პატიმრის კონსტანტინე ციხისთავის განცხადებით, ჟურნალისტი გიორგი სანაიას მკვლელობა პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის და მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კახა ბაკურიძის დაკვეთით მოხდა.
ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ ხსენებულმა პირებმა სანაიას მკვლელობა მაშინ პანკისში მოქმედ ტერორისტს შოთა ჭიჭიაშვილს დაუკვეთეს. კოტე ციხისთავი თავადაც იყო ჭიჭიაშვილის დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი.
2000 წლის 13 ნოემბერს კონსტანტინე ციხისთავი ციხიდან გაიქცა და თავი პანკისის ხეობას შეაფარა, რადგან ეს იყო ადგილი, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა. სწორედ იქ შეუერთდა ყოფილი პატიმარი შოთა ჭიჭიაშვილის დაჯგუფებას. ციხისთავის თქმით, ჭიჭიაშვილმა გიორგი სანაია საკუთარი ხელით მოკლა, დანაშაული კი საკუთარ თავზე გრიგოლ ხურცილავას იგივე გრიცკოს ააღებინეს.
ციხისთავმა ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ შოთა ჭიჭიაშვილმა სოფელ დუისში ერთ-ერთ სახლში უმასპინძლა თამაზ თამაზაშვილსა და მაშინდელ მაღალჩინოსანს კახა ბაკურაძეს. ყოფილი პატიმარი ამბობს, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე დაავალა თამაზაშვილმა ჭიჭიაშვილს ჟურნალისტის ლიკვიდაცია.
ჟურნალისტის განზრახ მკვლელობისთვის გრიგოლ ხურცილვას 13 წელი ჰქონდა შეფარდებული, მაგრამ ამნისტია შეეხო და ციხიდან 2013 წელს გათავისუფლდა. გრიცკომ სავარაუდოდ ქვეყანა დატოვა. შაბათის ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა ხურცილავას ოჯახს მიაკითხა. აღსანიშნავია, რომ მანამდე ოჯახი გრიცხოს დანაშაულს არ აღიარებდა, თუმცა ახლა ამტკიცებენ, რომ სწორედ მან მოკლა გიორგი სანაია.
ციხისთავის ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი შოთა ჭიჭიაშვილი კიევში სპეცოპარაციის დროს მოკლეს. რაც შეეხება ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს, რომელსაც ხელს ციხისთავი ადებს, ის ბრალდებებს უარყოფს, თუმცა ვერ უარყოფს იმას, რომ ნომერ პირველ ტერორისტს, შოთა ჭიჭიაშვილს პირადად იცნობდა.
გარდა ამისა, ციხისთავის მტკიცებით, ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვას, კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საუბარია ჭიჭიაშვილის ნათესავზე, ნაირა მარგოშვილზე, რომელმაც ციხისთავის თქმით, შემთხვევით მოისმინა მკვლელობის დაგეგმვა.
რატომ დაგეგმეს გიორგი სანაიას მკვლელობა? - კოტე ციხისთავი ამბობს, რომ გეგმის მიხედვით მკვლელობის მიზეზი უნდა გამხდარიყო ვიდეო კასეტა, რომელზეც იქნებოდა აღბეჭდილი პანკისში მომხდარი გარკვეული დანაშაული. ეს კასეტა ხელში ჩაუვარდებოდა გიორგი სანაიას და თითქოს სწორედ ამის გამო მოკლავდნენ.
სანაიას მკვლელობა ყოფილი პატიმრის აღიარებით, ქვეყანაში და პანკისში სიტუაციის არევას და რუსების შემოსვლას ემსახურებოდა. ციხისთავი ამბობს, რომ ხურცილავა, შემთხვევითი პირი არ ყოფილა. მისი მტკიცებით, სწორედ გრიცკო აწვდიდა ჭიჭიაშვილის ტერორისტულ დაჯგუფებას ინფორმაციას მათ მიერ გატაცებული ადამიანების გადაადგილების შესახებ, მათ შორის პიტერ შოუსა და პეტრე ცისკარიშვილზე.
კოტე ციხისთავი ჭიჭიაშვილის დაჯგუფების წევრი ერთი წლის განმავლობაში იყო. ის გიორგი სანაიას მკვლელობამდე დაიჭირეს.
გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს მოკლეს.
