logo
ENG



გზამკვლევი – როგორ ვიმგზავროთ ხვალიდან და რა მოხდება, თუ ახალ სააბონენტო ბარათს დავკარგავთ

31 იან 202215:53
3 წუთის საკითხავი
clock 8944
2022/01/30/g9rxptqm8xh2xfn.png

ხვალიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება. მგზავრობის საფასური, 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი იქნება. გადახდა როგორც მეტრომანით, ან საბანკო ბარათით, ასევე, ახალი სააბონენტო ბარათითაც იქნება შესაძლებელი. 

სად მოქმედებს სააბონენტო ბარათი და სად შეიძლება შეძენა?

სააბონენტო ბარათის შეძენა მეტრო სადგურების მს+ სალაროებში და საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი.

ბარათი განკუთვნილია მეტროსთვის, ავტობუსისთვის, მიკროავტობუსისთვის და საბაგიროსთვის.

ახალი სამგზავრო ბარათების გაყიდვა, 5 იანვრიდან დაიწყო, შემდგომ შეჩერდა, რადგან ბარათზე სიტყვა "საბაგიროს" ნაცვლად – "საბაგარო" ეწერა, შეცდომის გასწორების შემდეგ, ბარათების გაყიდვა კვლავ აღდგა. 

პირველი თებერვლიდან, თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, აღარ იმოძრავებს ე.წ. ყვითელი მარშუტკები და მათ სრულად ჩაანაცვლებს ლურჯი მიკროავტობუსები.

ძველი გადახდის ბარათები

მეტრომანით და საბანკო ბარათით მომხმარებელს კვლავ შეეძლება მგზავრობა, თუმცა განახლებული – 1 ლარიანი ტარიფით. მომხმარებელს შეუძლია იმგზავროს ძველი მეტრომანითაც და შეიძინოს ახალი მეტრომანიც.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ზოგიერთ ავტობუსში სამგზავრო ბილეთის შეძენა კვლავ იქნება შესაძლებელი ნაღდი ფულით. მათივე ინფორმაციით: "ისეთ მუნიციპალურ ავტობუსში, რომელიც იწყება 3–იანზე, მაგ:334, აღარ არის ხურდით გადახდის საშუალება, ხოლო ისეთ ავტობუსებში, რომელიც არ არის სამნიშნა ნომრით, კვლავ რჩება ხურდით გადახდის საშუალება."

მრავალჯერადი ბარათი

მომხმარებელს მუდმივად შეუძლია თავდაპირველ ბარათზე დარიცხოს თანხა და ახალ–ახალი პაკეტები შეიძინოს და ლიმიტები შეცვალოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მომხმარებელს, სააბონენტო ბარათის შეძენისას, ერთ ჯერზე, შეუძლია მაქსიმუმ ორი პაკეტი ერთად შეიძინოს, მაგალითად 1 თვიანი და 1 კვირიანი. როგორც მეტრო სერვის + –ში ამბობენ ორი პაკეტის შეძენა რეკომენდირებულია, თუ მომხმარებელს სურს თავის დაზღვევა ბარათზე თანხის ამოწურვისგან: 1 თვიანი პაკეტის ამოწურვის შემდეგ, გაგრძელდება 1 კვირიანი, ან 1 დღიანი პაკეტით სარგებლობა, როგორც ამას მომხმარებელი თავად განსაზღვრავს.

ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ბარათი არ არის პერსონალიზირებული და ერთი ბარათით სარგებლობა მთელ ოჯახს შეუძლია.

90 წუთიანი საშეღავათო პერიოდი

90 წუთიანი საშეღავათო პერიოდი ძალაში რჩება, რაც ნიშნავს რომ ერთი გადახდის შემდგომ მომხმარებელს შეუძლია უფასოდ იმგზავროს, რამდენჯერაც სურს, ხსენებული 90 წუთის განმავლობაში.

თუმცა, დღიური ლიმიტია 20 გატარება, რაც ნიშნავს, რომ დღეში ბარათის გატარება მხოლოდ 20– ჯერ შეიძლება. ასევე, ერთი და იმავე ავტობუსში, ან მეტროს სადგურში, გატარება შესაძლებელი იქნება 15 წუთიანი შუალედით.

90 წუთიანი საშეღავათო პერიოდი მოქმედებს, როგორც სააბონენტო ბარათით, ისე მეტრომანით და საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას.

რა ხდება ახალი სააბონენტო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში:

როგორც ფორმულას უთხრეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში და კომპანია მეტრო სერვის + –ში, რომელიც მომხმარებლებს ბარათებით ემსახურება, სააბონენტო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში აუცილებელია ბარათის შეძენისას მიღებული ქვითრის წარდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ბარათის იდენტიფიცირება და აღდგენა.

თუ მომხმარებელი ბარათის შეძენისას მიღებულ ქვითარს არ შეინახავს, აღსადგენად შესაძლებელია გამოდგეს ქვითრები, რომლებსაც მომხმარებელი ძირითად ბარათზე თანხის შემდგომში დარიცხვისას მიიღებს ხოლმე. თუმცა, მეტრო სერვის + – ში ამბობენ, რომ უფრო სასურველია მომხმარებელს შენახული ჰქონდეს თავდაპირველი ქვითარი.

მომხმარებელს შეუძლია შეძენისას ბარათს და ქვითარს ერთად გადაუღოს ფოტოსურათი და დაკარგვის შემთხვევაში ფოტოსურათი წარადგინოს. სასურველია მომხმარებელს თან ჰქონდეს, როგორც ბარათის, ისე ქვითრის ფოტოსურათი.

თუ მომხმარებელი ვერ დაადასტურებს, რომ მან ბარათი დაკარგა, მაშინ ბარათით, რომელზეც თანხაა დარიცხული შესაძლებელია ისარგებლოს სხვა პირმა და მომხმარებელი თანხას დაკარგავს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელმა, ბარათის დაკარგვისას, შეიძლება დაკარგოს 250 ლარიც, რაც არის ერთწლიანი აბონემენტის საფასური.

თუ მომხმარებელი დაადასტურებს, რომ ბარათი დაკარგა, მაშინ ბარათი დაიბლოკება და სხვა ვეღარ ისარგებლებს, ხოლო დაკარგულ ბარათზე არსებული თანხა მომხმარებელს ახალ ბარათზე გადმოერიცხება.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანია ამბობს, მომხმარებელს ბარათის შეძენისას აუხსნიან, რომ ქვითარი უნდა შეინახოს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანახმად, ახალი სამგზავრო ბარათის ტარიფები და სარგებლიანობა შემდეგნაირია:

1. ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი – 3 ლარი - ერთდღიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ სამ ლარად;

2. ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი - 20 ლარი – ერთკვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 ლარად. ეს ბარათი ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი;

3. ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი - 40 ლარი - ერთთვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად. ეს ჩვენი გათვლებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად 50-60 ლარს იხდიან. აღნიშნული ბარათის მფლობელები კი თვის განმავლობაში, საშუალოდ, 10-დან 20 ლარამდე ეკონომიას გააკეთებენ;

4. ულიმიტო, სამთვიანი ბარათი - 100 ლარი – ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის;

5. ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი - 150 ლარი – ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს;

6. ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი – ერთწლიანი ბარათის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა.

ვინ იმგზავრებს უფასოდ ან შეღავათიანი ტარიფით:

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანახმად, ძალაში რჩება ყველა საშეღავათო პროგრამა, მთელი რიგი საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის.

უფასო მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ:

1) თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები;

 2) მოსწავლეები;

3) უბნის ინსპექტორები და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები;

4) თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები;

5) თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანები და სხვა.

შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით – 0,2 ლარი, მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ:

 1) თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები;

 2) საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები;

3) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები;

4) პენსიონერები;

5) თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები;

 6) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები და სხვა.

შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით – 0,1 ლარი, მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ:

1) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.


close დახურვა