ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ ლოკაციაზე გადავა. ამაზე მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"არის ძალიან კარგი ახლადაშენებული შენობა 15 ათას კვ/მ-მდე, რომლის გარემონტებაზე და წელს გადაყვანაზე გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა. ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ", - თქვა მან.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წლებია აცხადებენ, რომ ახალი შენობა სჭირდებათ. პანდემიის დასაწყისში გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანდა, როგორ ჩამოდიოდა წყალი შენობაში.
2012 წლიდან ყაზბეგის გამზირის #6-ში არსებული შენობები, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული, ავერსი ფარმას საკუთრებაა. იჯარის ხელშეკრულებას 2018 წელს გაუვიდა ვადა, რის გამოც კომპანია აცხადებს, რომ ცენტრი უკანონოდაა მათ შენობაში.