აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა.
საუბრის თემა უკრაინა და რუსეთის უსაფრთხოების წინადადებებზე აშშ-ის წერილობითი პასუხი იყო.
სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ენტონი ბლინკენმა ლავროვთან ლაპარაკისას ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის მზადყოფნა, ორმხრივად, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მათთან სრული კოორდინაციით, გააგრძელოს მსჯელობა რუსეთის უსაფრთხოების საკითხების შესახებ.
ლავროვთან ლაპარაკისას ბლინკენმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა როგორც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნების უფლების მიმართ, თავად განსაზღვრონ თავიანთი საგარეო პოლიტიკა და ალიანსები.
სახელმწიფო მდივანმა დაჟინებით მოუწოდა რუსეთს დაუყოვნებლივი დეესკალაციისა და უკრაინის საზღვრიდან ჯარების და სამხედრო ტექნიკის გაყვანისკენ.
ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას აშშ-ის მხრიდან სწრაფი და მრავალმხრივი უარყოფითი შედეგები მოჰყვება. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიური გზა.