რუსთავში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ძალადობის საქმეზე პარლამენტის დეპუტატის, დავით კირკიტაძისა და სამი პირის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიების მტკიცებით, გასული წლის 24 ოქტომბერს რუსთავში ენმ-ს ოფისთან, ვ.ბ. რამდენიმე პირთან ერთად ოპოზიციური პარტიის საქმიანობას აპროტესტებდა.
"აღნიშნული პროტესტის გამოხატვისას, ვ.ბ.-სთან და მის თანმხლებ პირებთან პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ, მათ შორის იმყოფებოდა დავით კირკიტაძეს, რომელმაც მის მიმართ საჯაროდ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ვ.ბ.-ს და მის თანმხლებ - ო.ყ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა. მომხდარი კონფლიქტის დროს ვ.ბ.-მ, შ.მ.-მ და ო.ყ.-მ, პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ორი პირის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, მათ მიმართავს დევნა ძალადობის მუხლით დაიწყო.
პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეეფარდა. რაც შეეხება კირკიტაძეს, პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
დავით კირკიტაძე ამბობს, რომ რუსთავის საკრებულოში ქართულმა ოცნებამ "პოზიციები დაკარგა", ამაზე პასუხი კი ახალი სისხლის სამართლის საქმე აღმოჩნდა.
"ბრალს მიყენებენ ფაქტზე, რომელიც იყო წინასაარჩევნოდ, როდესაც ჩვენს ოფისს დაესხნენ თავს, სასტიკად გაუსწორდნენ ჩვენს წევრებსა და მომხრეებს. და ამ საქმეზე ბრალს მიყენებენ მე. მაყურებელმა განსაჯოს ახლა, რასთან გვაქვს საქმე", - ამბობს კირტკიტაძე.