logo
ENG



პუტინი ჩინეთში ოლიმპიადაზე ჩავიდა და ბუნებრივი აირის შესახებ ხელშეკრულება ჩაიტანა

04 თებ 202214:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/04/044kjk7ujqwzw4n.jpg
Reuters

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბეიჯინგში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამო ჩავიდა და ჩინეთისთვის ბუნებრივი აირით მომარაგების ხელშეკრულება ჩაიტანა.

პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს უთხრა, რომ რუსეთი ამზადებს ახალ შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც ჩინეთს დამატებით 10 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირს მიაწვდის.

რუსეთი, რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმწოდებელია, ენერგიის ყველაზე დიდ მომხმარებელ სახელმწიფოსთან, ჩინეთთან აღრმავებს ურთიერთობებს. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, როცა რუსეთს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

ორ პრეზიდენტს პარასკევ ლანჩი აქვს დაგეგმილი და კრემლის ინფორმაციით, ისინი 15-ზე მეტ შეთანხმებას მოაწერენ ხელს. ახალი შეთანხმებები ბუნებრივ აირს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი უკრაინის გარშემო მოვლენებში რუსეთის პოზიციას იზიარებს. ორი ქვეყნის საგარეო მინისტრებს შორის შეხვედრა გუშინ გაიმართა. მნიშვნელოვანია, რომ ლავროვამდე უცხოელი პოლიტიკოსები ჩინეთში ბოლო 2 წელია ვიზიტით არ ყოფილან.

ამაზე პასუხად კი აშშ ჩინურ კომპანიებს ემუქრება, რომ მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან, თუ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში მოსკოვში ექსპორტზე დაწესებული კონტროლის წესებს დაარღვევენ.

„ჩვენ მრავაი ხელსაწყო გვაქვს, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუ უცხოური კომპანიები, მათ შორის ჩინურიც აშშ-ს მიერ ექსპორტზე დაწესებულ კონტროლისგან თავის არიდებას ეცდება“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა.

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, პუტინმა ჩინეთში ჩასვლისას აღნიშნა, რომ ოლიმპიური თამაშების პოლიტიზებას ეწინააღმდეგება.

მეორე მხრივ, აშშ-მ და მისმა არაერთმა მოკავშირემ ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთში ადამიანის უფლებათა დარღვევების შემთხვევების გამო დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა. ჩინეთი ყველა ბრალდებას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 ათასი ჯარისკაცი განალაგა. ასევე, ჯარები გადაისროლა ბელარუსშიც. 

კიევი და დასავლური სახელმწიფოები შიშობენ, რომ რუსეთი შეჭრისთვის ემზადება, რასაც მოსკოვი უარყოფს.


close დახურვა