logo
ENG



კომიტეტმა ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

07 თებ 202215:17
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

საკითხი საბოლოო გადაწყვეტილებისთვის პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც 76 დეპუტატის ხმა იქნება საკმარისი, რათა ბადრი ჯაფარიძეს მანდატი შეუწყდეს. 

ოპოზიცია კომიტეტზე ამტკიცებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაული ხანდაზმულია, ამიტომ დეპუტატს მანდატი არ უნდა შეუწყდეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით კი დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი.

3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.

ამასთან, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს გაუუქმდათ შეფარდებული გირაო, ქონებაზე დადებული ყადაღა და საზღვრის კვეთის აკრძალვა.

ბრალდებულები მოსამართლე გიორგი არევაძემ დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით სცნო.

პროკურატურა ამბობს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.


close დახურვა