logo
ENG



7-კაცა რაგბის ეროვნული ნაკრები რუსეთის ნაკრებთან ერთობლივი შეკრების გამართვას აპირებს

08 თებ 202210:52
3 წუთის საკითხავი
 
rugby.ge

საქართველოს 7-კაცა რაგბის ეროვნული ნაკრები თვის ბოლოს, ქუთაისში რუსეთის ნაკრებთან ერთობლივი შეკრების გამართვას აპირებს. ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ.

რაგბის ეროვნული ნაკრების მენეჯერმა, ალექსანდრე ნიჟარაძემ, წერილი კლუბებს გაუგზავნა და ხელმძღვანელებს სთხოვა, მოთამაშეებს ქუთაისის შეკრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცენ.

წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ეს ერთობლივი მომზადება სასარგებლო იქნება, ვინაიდან რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი კონკურენტია.

მეორე მხრივ კი ქართველი მორაგბეები ამბობენ, რომ რუსეთის ნაკრები რაგბის კავშირმა მოიწვია, თავად კი ამ პოზიციას არ ეთანხმებიან. ვეტერანი მორაგბის, სიმონ მაისურაძის თქმით, გასულ წელს საქართველომ მოწვეულ ლიეტუვის ნაკრებს არ უმასპინძლა, ახლა კი ოკუპანტი ქვეყნის გუნდთან ერთად წვრთნების გავლას აპირებს, რაც მისთვის მიუღებელი და გაუგებარია.

მნიშვნელოვანია, რომ ამ შეკრების დასახელებულ მოტივს მორაგბეები განსხვავებულად უყურებენ. მაისურაძის თქმით, ამგვარი შეხვედრების დამსახურებით, შესაძლოა, რუსეთმა გადალახოს ის ფსიქოლოგიური ბარიერი, რაც საქართველოს 17-წლიანი მოგებების სერიის შედეგად საქართველოს წინააღმდეგ თამაშებში ჰქონდა.

„ფაქტია, რომ კავშირი ეპატიჟება. უკვე გავრცელდა მოწვევა. 2021 წელს მოიწვიეს ლიეტუვა, არ დახვდნენ, თქვეს არ მოგვიწევიაო, არ უმასპინძლეს, არ ეთამაშნენ, არ გააცილეს, მერე თავხედები ეძახა კავშირის მენეჯმენტმა და დღეს ვხედავთ ჩამოდის რუსეთი, რომელსაც იწვევენ, ერთ ბაზაზე გაივლიან შეკრებას, ერთად იცხოვრებენ, ერთად შეჭამენ, ერთად ივარჯიშებენ, ითამაშებენ.

ვერ ვხვდები რას ნიშნავს ეს, რატომ კეთდება ეს ყველაფერი. ჩვენ ვიცით, რომ რუსებს ჩვენთან ჰქონდათ ფსიქოლოგიური ბარიერი - 17 წელია ვერ გვიგებენ. ახლა ისე დავუმეგობრდით ერთად გავდივართ წვრთნებს, აგერ პემზამ ჩვენ ბაზაზე აწყობილ გუნდს მოუგო. ცოტა ხანში რუსეთს ვეთამაშებით კიდე ვ2 თამაშს და ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახული ექნებათ და არაა გამორიცხული, რომ მოგვიგონ და დამთავრდება ჩვენი მოგებების სერია.

ვერ ვხვდები რატომ კეთდება ეს, როცა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარ ქვეყანას ასე ცუდად ვექცევით და ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით და ვმასპინძლობთ“, - აცხადებს სიმონ მაისურაძე, ვეტერანი მორაგბე

 

close დახურვა