ქობულეთის მერიაში ხმაურია - ნაციონალური მოძრაობა მერთან შეხვედრას მოითხოვს.
ოპოზიციას კითხვები აქვს აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
დასვკნაში დარღვევები რამდენიმე მიმართულებით გამოიკვეთა, ერთ-ერთი პრობლემური საკითხი კი დაუსაბუთებლად გაზრდილი ხელფასებია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, შენობაში არ უშვებენ არც მედიის წარმომადგენლებს.
"საკრებულოს წევრებს განცხადება უნდათ შენობის შიგნით,მთელ კრიმინალურ დანაშაულებებს აქვს ადგილი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბიუჯეტიდან მილიონობით თანხას იპარავენ. ამ კითხვების დასასმელად საკრებულოს წევრები მოვიდნენ მერთან, რომელიც იმალება ჯებირის უკან და არ აძლევს საკრებულოს წევრებს გადაადგილების უფლებას. უკანონოდ მოიყვანეს პოლიციელები, ჩააყენეს აქ და დაცვის სამსახურის უფროსს რომ ვეკითხებით, პოლიცია აქ რატომ არის, განმარტებას ვერ აკეთებენ", - ამბობს ენმ-ს წევრი, ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ბონდო თედორაძე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, ქობულეთში დარღვევის არაერთი ფაქტია აღმოჩენილი.
კერძოდ, მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია ბალანსზე რიცხული 212 231 482 ლარის ღირებულების უძრავი ქონების ფინანსური აქტივების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია.
დოკუმენტის თანახმად, 2019 წელს მერიაში დასაქმებული პირების ხელფასები გაზრდილია 24%-ით, 2020 წელს კი - 30,4%-ით.
დასკვნაში ნათქვამია, რომ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ხარჯების ზრდა დაუსაბუთებელია, განსაკუთრებით, 2020 წელს COVID-19 პანდემიის გავრცელების პირობებში, როდესაც არ ხდებოდა თანამშრომლების სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვა ან/და შესრულებული სამუშაოს სხვა ფორმით დადასტურება.