logo
ENG



Reuters: რუსეთმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ღამის ტაქტიკური წვრთნები დაიწყო

08 თებ 202215:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/08/9ffol6cwxp9a205.jpg
Reuters

რუსეთის სამხრეთ ნაწილში 3-კვირიანი ღამის ტაქტიკური წვრთნები დაიწყო. როიტერსის ინფორმაციით სამხედრო წვრთნები გუშინ ღამით, პუტინისა და მაკრონის შეხვედრიდან რამდენიმე საათში დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ფრანგული მხარე იუწყებოდა, რომ ამ შეხვედრისას პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტს დაჰპირდა, რომ უკრაინის საზღვრის სიახლოვეს ახალ სამხედრო მოქმედებებს არ განახორციელებდა. რუსეთმა კი დღეს ამგვარი დაპირება უარყო.

რუსულ მხარეს არ განუმარტავს, ეს წვრთნები წინასწარ დაგეგმილი სამხედრო მომზადების ნაწილია თუ საქმე ახალ გეგმებთან გვაქვს.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვმა დეკემბერში განაცხადა, რომ 2022 წლის განმავლობაში რუსეთის სამხრეთ ნაწილში  3 000 წვრთნა გაიმართებოდა.

რუსული წყაროების ინფორმაციით, 30-ზე მეტი ტაქტიკური წვრთნა, რომელიც 400 სამხედროსა და დაახლოებით 80 სამხედრო აღჭურვილობას მოიცავს, სამხრეთის სამხედრო რეგიონში 15 სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.

ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს 6 რუსული სამხედრო გემი ხმელთაშუა ზღვიდან შავი ზღვისკენ საზღვაო წვრთნებისთვის გაემართა. ინტერფაქსის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სამხედრო რესურსების ამგვარი გადაადგილება წინასწარ იყო დაგეგმილი. დასავლეთი ვარაუდობს, რომ ეს უკრაინაში დაძაბული მდგომარეობის ფონზე რუსეთის მხრიდან ძალების დემონსტრირების მორიგი შემთხვევაა.

6 საზღვაო-სადესანტო გემი დარდანელის სრუტის გავლით შავ ზღვაში სამშაბათს და ოთხშაბათს ჩავა.


close დახურვა