logo
ENG



ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტობისთვის კენჭს მეორედ იყრის

08 თებ 202223:26
3 წუთის საკითხავი
 
ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტობისთვის კენჭს მეორედ იყრის

ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტობისთვის კენჭს მეორედ იყრის.

საოკუპაციო რეჟიმის კუთვნილი საინფორმაციო სააგენტოს, რეს-ის ცნობით, ამის შესახებ პარტია "ერთიანი ოსეთის" ყრილობაზე განაცხადეს, რომელიც საკონცერტო დარბაზ ჩერმენში ჩატარდა და 300 დელეგატი დაესწრო. 

პარტიის თავმჯდომარის, ალან ტადტაევის განცხადებით, გამგეობის სხდომაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატად კვლავ ანატოლი ბიბილოვი წარედგინათ. ტადტაევის თქმით, "ბიბილოვი სამშობლოს პატრიოტია".

ყრილობაზე ბიბილოვის კანდიდატურას მხარი 297-მა დელეგატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 1 წავიდა, 2 ბიულეტენი კი გაუქმდა. 

ყრილობას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების - ლუგანსკის და დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   

ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს ბიბილოვმა თქვა, რომ ქართული "დეოკუპაციის სტრატეგია" ჩაიშალა. 

„საქართველოს სტრატეგიის საბოლოო მიზანი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის დამყარება იყო. თუმცა რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მტკიცე პოზიციის გამო, ამ სტრატეგიის ვერცერთი პუნქტი ვერ განხორციელდა. ქართული მხარე თავად აღიარებს წაგებას და მას 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მარცხთან აიგივებს". - თქვა ანატოლი ბიბილოვმა. 

მან ასევე ხაზი გაუსვა ქართული მხარის მიერ 2019 წლის 30 აგვისტოს ჩორჩანა-წნელისთან საგუშაგოს დადგმას, ეს პროვოკაციად შეაფასა და განაცხადა, რომ ამის გამო "იძულებული გახდა, უსაფრთხოების ზომები გაეძლიერებინა". 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 2019 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელი პუნქტები ჩაკეტა, რის გამოც ახალგორში მცხოვრები მოქალაქეები პენსიის აღებას და სამედიცინო მომსახურების მიღებას ვერ ახერხებენ. 


close დახურვა