logo
ENG



შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში სამუშაო პროცესი აღდგება

12 თებ 202215:34
3 წუთის საკითხავი
 

შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში სამუშაო პროცესი აღდგება. 

უწყების განცხადებით, ტყიბულის შახტში აფეთქების შემდეგ ჩატარებული ინსპექტირებით გამოვლინდა როგორც კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები, ასევე ადამიანური შეცდომები და კონტროლის ნაკლებობა საწარმოო პროცესის სხვადასხვა საფეხურზე.

შრომის ინსპექციის განცხადებით, ინსპექტირების პროცესისა და მოკვლევის ანგარიში საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ამასთან, როგორც უწყება წერს, შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მუშაობას და კომპანიაში არსებული უშუალო და სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებას.

მოკვლევის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურმა შეაჩერა სამუშაო პროცესი. პარალელურად განხორციელდა კომპანიის სრული ინსპექტირება. 

ხოლო უსაფრთხოების დამატებითი ზომების უზრუნველყოფის გამო, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება შახტში სამუშაო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით.

"პროცესის ღია და გამჭვირვალე წარმართვისთვის, ასევე უსაფრთხოებისა და კონტროლის მეტი შესაძლებლობისთვის, ვიზიარებთ საქართველოს პროფკავშირების მოწოდებას და ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა კომპანიის, პროფკავშირებისა და შრომის ინსპექციის თანამშრომელთა მიერ, რომელიც შახტში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას პერმანენტულ მონიტორინგს გაუწევს. შრომის ინსპექციის სამსახური მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს მკაცრ კონტროლს, რათა უზრუნველყოფილი იყოს დასაქმებულთა ღირსეული სამუშაო პირობები". - წერია განცხადებაში. 

აფეთქება ტყიბულის მინდელის შახტში 30 იანვარს, გვიან ღამით მოხდა. 

დაშავდა 9 ადამიანი, მათგან ერთ-ერთი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. სხვები საავადმყოფოში მოათავსეს, მათგან ერთს მძიმე დამწვრობა აქვს. 

მოკვლევას აწარმოებს  კომპანია  საქნახშირი, რომელიც ამტკიცებს, რომ პრობლემა მხოლოდ მუშების მხრიდან უსაფრთხოების ზომების ჰგაუთვალისწინებლობამ გამოიწვია. საქნახშირი საბოლოო დასკვნას მარტის დასაწყისში გამოაქვეყნებს. 

აფეთქებაზე გამოძიებას შსს-იც აწარმოებს. 


close დახურვა