logo
ENG



"სააკაშვილისთვის სამკურნალო ცენტრი უნდა მოიძებნოს უცხოეთში" - კლინიკების ასოციაცია

12 თებ 202217:42
3 წუთის საკითხავი
 

კლინიკების ასოციაცია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს და ხელისუფლებასთან შუამდგომლობას სთხოვს.

ასოციაციის წარმომადგენლების შეფასებით, სააკაშვილი დღეს სრულფასოვან მკურნალობას ვერ იღებს, ამ ფონზე კი დამატებით საჭიროებს ლაბორატორიულ კვლევებსა და რეაბილიტაციის ინდივიდუალურ კურსს.

"მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებს, კონგრესს, ევროპარლამენტს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე იქონიონ გავლენა, რათა პაციენტ სააკაშვილს, რომელიც იყო საქართველოს პრეზიდენტი, ჩაუტარდეს გამოკვლევები, საბოლოოდ გაირკვეს მისი დიაგნოზი და ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა. მას ესაჭიროება სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც, ყველამ კარგად იცის, საქართველოში არ არსებობს, ამდენად ეს ცენტრი მოძიებული უნდა იყოს უცხოეთში და მას მიეცეს საშუალება, რომ შეინარჩუნოს სიცოცხლე და ჯანმრთელობა", - განაცხადა ექიმმა მანანა ჯებაშვილმა

კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელია ამბობს, რომ სააკაშვილი ევროპის ან ამერიკის სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, რათა მან სრულფასოვანი მკურნალობა მიიღოს. 

"საქართველოში არსებული კლინიკური ბაზები, რომლებიც დაახლოებით 300-მდეა, როგორც კლინიკურ ასევე ამბულატორიულ-პოლიკლინიკური ქსელი, არ წარმოადგენს იმ ღირებულების სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც შესაძლებელია ამ სირთულის პაციენტის სრულფასოვანი მკურნალობა. ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე, პაციენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დროულად უნდა იქნას გადაყვანილი ევროპის ან ამერიკის, განვითარებული ქვეყნების იმ სამედიცინო დაწესებულებაში სადაც მოხდება მისი სრულფასოვანი მკურნალობაც და რეაბილიტაციაც", - აღნიშნა მან. 


close დახურვა