დმანისის მერი კობა მურადაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის, სერიოზულ ნგრევასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ შესულა. ცოტა ხნის წინ დმანისში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
მურადაშვილმა გადაცემა კვირის ფორმულასთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ ამ ეტაპზე არაფერი ხდება და ინფორმაციას ყველა წერტილში ინტენსიურად ამოწმებენ.
"ჯერჯერობით, სერიოზულ ნგრევასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ შემოსულა. კავშირზე ვართ ყველა სოფლის რწმუნებულთან და ამ ეტაპზე სერიოზულ ნგრევას [ადგილი არ ჰქონია]. მსხვერპლი არ არის. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე არაფერი ხდება. ვამოწმებთ, ყველა წერტილში ვართ და ხალხი გვყავს გაშვებული", - თქვა მან.
მიწისძვრა თბილისის დროით 22:25 საათზე მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი კი სოფელ სამებასთან იყო. ცენტრმა თავდაპირველად გაავრცელა პირველადი ინფორმაცია, რომ სიძლიერე 5.8 მაგნიტუდას შეადგენდა.