logo
ENG



უკრაინა მსოფლიოს მოუწოდებს, ლუგანსკსა და დონეცკზე რუსეთის გადაწყვეტილებები არ აღიაროს

15 თებ 202216:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/15/q7z43lpzm4xt4ew.jpg
UNIAN

უკრაინის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიაროს რუსეთის მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში არალეგალური, ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთანაა დაკავშირებული.

UNIAN-ის ინფორმაციით რეზოლუციას (No. 7048) 369 დეპუტატიდან 331-მა დაუჭირა მხარი.

ვერხოვნა რადამ რეზოლუციით გაეროს, ევროკომისიას, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს, ეუთოსა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეებს, სხვა სახელმწიფოებსა და მათ პარლამენტებს მიმართა და სთხოვა, არ აღიარონ არალეგალური ერთეულები დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.

უკრაინა ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს ასევე მოუწოდებს, ხელახლა დაადასტურონ უკრაინის ტერიტორიული ერთიანობა და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა.

იმავდროულად ვერხოვნა რადა მსოფლიოს მოუწოდებს დაგმოს რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რაც უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესებისკენაა მიმართული და გადაიხედოს რუსეთის ფედერაციის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრად ყოფნის სამართლებრივი საფუძვლები. პარლამენტარები ასევე მოუწოდებენ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივ გამართონ შეხვედრა უკრაინის საზღვრებთან კონფლიქტის ესკალაციის საკითხზე.

რეზოლუციაში ასევე საუბარია რომ ამ არალეგალური ე.წ სახალხო რესპუბლიკების ფორმირების უკან რუსეთი დგას. შესაბამისად ვერხოვნა რადა ამ დროებით ოკუპირებული რეგიონების ადგილობრივ ე.წ ლიდერებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს შეუძლებლად მიიჩნევს.

„ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის ფედერაციის განცხადებები იმის შესახებ, რომ სახელმწიფო დუმა გეგმავს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ არალეგალური ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გადაწყვეტას, გაეროს ქარტიით გათვალისწინებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევის კიდევ ერთი მცდელობაა“ - წერია ვერხოვნა რადას რეზოლუციაში.

რეზოლუცია ძალაში მისი მიღებიდან შევიდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის დუმამ პრეზიდენტს მიმართა, რომ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიაროს. დეპუტატებმა შესაბამის განკარგულებას დაუჭირეს მხარი.


close დახურვა