logo
ENG



დუმა პუტინს მიმართავს, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიაროს

15 თებ 202214:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/15/6qp1d8t02l05f1o.jpg

რუსეთის დუმა პრეზიდენტს მიმართავს, რომ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიაროს. დეპუტატებმა შესაბამის განკარგულებას დაუჭირეს მხარი. 

დუმაში კომუნისტური პარტიის დოკუმენტი განიხილეს, რომელსაც 351-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ეს დოკუმენტი პირდაპირ პრეზიდენტისთვის მიმართვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მსგავსი დოკუმენტი მოამზადა მმართველმა პარტიამ, ერთიანმა რუსეთმა, რომელმაც 310 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. პრეზიდენტთან მიმართვამდე განკარგულება ითვალისწინებდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციას.

განკარგულების მიღებამდე ცოტა ხნით ადრე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება რუსულ საზოგადოებაში აქტუალურია.

"ჩვენი ხალხი ძალიან მტკივნეულად რეაგირებს იმაზე, რაც დონბასში ხდება... გასაგებია, რომ ხალხის წარმომადგენლები, ასახავენ ხალხის აზრს, ამიტომაც ისინი განიხილავენ იმას, რაც ხალხისთვის არის აქტუალური", - განაცხადა პესკოვმა.

ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებმა დამოუკიდებლობა 2014 წლის მაისში გამოაცხადეს. რეგიონების დამოუკიდებლობას არ აღიარებს უკრაინა. ორივე ე.წ. რესპუბლიკა აღიარებული აქვს მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებულ, ცხინვალის რეგიონს.

დღეს საპასუხოდ უკრაინის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიაროს რუსეთის მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც დროებით ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში არალეგალური, ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთანაა დაკავშირებული - იხილეთ ვრცლად

 


close დახურვა