უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 17 თებერვალს რუსმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 60-ჯერ დაარღვიეს, მათგან 43 შემთხვევაში რუსეთმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენა.
უკრაინის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად 2 უკრაინელი სამხედრო და მინიმუმ 5 მოქალაქე დაზარალდა.
„მტრის ქმედებების შედეგად, გაერთიანებული ძალების ერთი მსახური დაიჭრა, მეორე კი შეტაკებისას დაზარალდა. სამხედროები სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი. დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რუსული საოკუპაციო ძალების თავდასხმების შედეგად ორი მოქალაქე დაიჭრა.
ასევე გუშინ, მტრის დაბომბვამ დააზიანა საბავშვო ბაღის შენობა, ელექტროენერგიის ხაზები, ბუნებრივი აირის მილები და გაანადგურა 2 კერძო სახლი ლუგანსკში.
სკოლამდელი განათლების ინსტიტუტის სამმა თანამშრომელმა დაბომბვის შედეგად დაზიანებები მიიღო“ - წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ განცხადებაში.
საბავშვო ბაღსა და ლუგანსკის რეგიონში სკოლაზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეფასდა.
დღეს, 18 თებერვლის დილიდან კი უკრაინის სამხედრო სამსახურებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 6 შემთხვევა დააფიქსირეს. მათგან 4 მოიცავდა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღების გამოყენებას.
რუსული საოკუპაციო ძალებმა 5 პუნქტს გაუხსნეს ცეცხლი. უკრაინის ინფორმაციით შემთხვევებს ადამიანური დანაკარგი არ მოჰყოლია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 თებერვალს, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარი პროვოკაციად შეაფასა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ კი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დაგმონ მომხდარი.
ამავე დროს, კრემლი უკრაინას დონბასში "პროვოკაციების გაძლიერებაში" ადანაშაულებს.