ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართავს, რომ მოხსნას გრიფი საიდუმლო სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხარჯებს 2013 წლიდან. სააკაშვილი აცხადებს, რომ ამით ციხისგან იხსნის თემურ ჯანაშიას, რომელიც ასევე ბრალდებულია მისივე, ე.წ. პიჯაკების საქმეზე.
"თქვენ შეგიძლიათ არა სიტყვით, არამედ საქმით იხსნათ წესიერი და დამსახურებული გენერალი თემურ ჯანაშია სრულიად უსამართლო ციხისგან თქვენი ერთი გადაწყვეტილებით, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს. მოხსენით გრიფი საიდუმლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც.
მე და ჯანაშიას გვედავებიან არა ხარჯების მიზნობრიობას, როგორც ტელევიზიით ყვებიან, არამედ მათი გაწევის წესს. თუ თქვენ ამ გრიფს მოხსნით, დადასტურდება, რომ ეს პროცედურები უბრალოდ ჯანაშიას კაპრიზი კი არ იყო, არამედ საყოველთაოდ მიღებული განგრძობითი პრაქტიკა, რომელიც, რაც მთავარია, სრულიად ჯდება კანონის ფარგლებში.
თუ თქვენ დაიცავთ კონსტიტუციას და დაიცავთ კანონს, ამით გადაარჩენთ ძალიან ღირსეულ გენერალს, რომელიც მთელი ცხოვრება ემსახურება საქართველოს, 11-წლიან ციხეს, მის მრავალრიცხოვან ოჯახს უბედურებას და მის და სხვების შვილებს განცდას, რომ ამ ქვეყანაში ერთგულება, წესიერება და კანონის დაცვა დასჯადია. ახლა არჩევანი თქვენზეა, ქ-ნო პრეზიდენტო", - წერს სააკაშვილი.
სააკაშვილი ზურაბიშვილს: მოხსენით გრიფი საიდუმლო სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხარჯებს
18 თებ 202214:30
3 წუთის საკითხავი