logo
ENG



ჰარისი: ქართველები რუსეთს კარგად იცნობთ, თქვენ იცით, რომ რუსეთის აგრესია ახალი არ არის

19 თებ 202215:07
3 წუთის საკითხავი
 

აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში რაიან ჰარისი უკრაინასა და რუსეთზე განცხადებას აკეთებს. ჰარისის თქმით, აშშ–მ ზუსტად არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა უშვებენ, რომ რუსეთი შეეცდება თავდასხხმისთვის საბაბის შექმნას. ჰარისი ამბობს, რომ აშშ დიპლომატიის გზას ირჩევს და რუსეთსაც მოუწოდებს დეესკალაციისკენ.

ჰარისი ამბობს, რომ აშშ უკრაინის და საქართველოს გვერდით იდგება. ის ამბობს, რომ ქართველებისთვის რუსეთის აგრესია ახალი არ არის და ქართველებმა იციან რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი.

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მიმართვა სრულად:

"დეკემბრიდან მსოფლიომ იხილა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზება. ქართველები რუსეთს კარგად იცნობთ, თქვენ იცით, რომ რუსეთის აგრესია ახალი არ არის. როგორც უკრაინასა და მოლდოვაში, რუსეთს საქართველოშიც აქვს ტერიტორიები ოკუპირებული. თქვენ იცით რუსეთის აგრესიის შემზარავი ადამიანური ფასი.

ამ კვირის დასაწყისში, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ისინი სიტუაციის დეესკალაციას და სამხედრო ძალების გაყვანას აპირებდნენ. სამწუხაროდ, რუსეთის ქმედებები არ შეესაბამება მათ სიტყვებს. ქართველებმა ყველაზე კარგად იცით რუსეთის ცარიელი დაპირებების შესახებ. ეს საკუთარმა ისტორიამ გასწავლათ 1801 წელს 1921 წელს და 2008 წელს.

როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, მოქმედებები სიტყვებზე ხმამაღლა მეტყველებს. სამწუხაროდ, რუსეთის მტკიცების მიუხედავად, ახლა მზადყოფნაშია რუსული ძალების 150 000 სამხედრო მძიმე შეიარაღებით და დამხმარე ტექნიკით, რომელსაც სწრაფად შეჭრა შეუძლია. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა, ვუშვებთ რომ რუსეთი შეეცდება შექმნას საბაბი თავდასხმისთვის. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორებიც იგივეს ხედავენ.

ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად კვლავ დიპლომატიური გზებით ცდილობს ამ კონფლიქტის მოგვარებას, ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ დეესკალაციის შანსს, მაგრამ არ ვთმობთ ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების უსაფრთხოებასა და თვითგამორკვევას.

რუსეთი აცხადებს, რომ ეძებს მშვიდობიან გამოსავალს, თუმცა რუსეთმა ეს კონკრეტული მოქმედებებით უნდა დაადასტუროს. უკრაინელებმა, როგორც ქართველებმა, ევრო–ატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირის გამყარება აირჩიეს. არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს მათ გზას, მათი მომავლისკენ.  

აშშ უკრაინის გვერდით იდგება, აშშ იდგება საქართველოს გვერდით, რომელმაც აირჩია დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ღირსება.

თუ რუსეთი არაფრად ჩააგდებს ჩვენს დიპლომატიურ მცდელობებს და ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი. თუ რუსეთი ამ არჩევანს გააკეთებს, აშშ–ისა და ჩვენი პარტნიორების პასუხი იქნება მკვეთრი და გადამწყვეტი. ჩვენ არ ვირჩევთ დაპირისპირებას, ჩვენ გვირჩევნია, რომ ვიმუშავოთ ერთად, რათა ვებრძოლოთ გლობალურ პანდემიას და სხვა მრავალ გადაუდებელ საერთო პრობლემას. დიპლომატია არის ერთადერთი გონივრული გზა ამ კონფლიქტის მოსაგავარებლად. ჩვენ მტკიცედ და ერთად ვდგავართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.“ – ამბობს რაიან ჰარისი.


close დახურვა