logo
ENG



ზელენსკი NATO-ზე: ღია კარი კარგია, მაგრამ გვჭირდება ღია პასუხები, არა უპასუხო კითხვები

19 თებ 202220:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/19/4fl52kww506yatj.jpg

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით თქვა, რომ უკრაინა ელის პირდაპირ პასუხებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე

"იმისთვის, რომ რეალურად დაეხმაროთ უკრაინას, თქვენ არ გჭირდებათ მუდმივად ისაუბროთ შემოჭრის შესაძლო თარიღებზე. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას 16 თებერვალს, 1-ლ მარტს და 31 დეკემბერს. სხვა თარიღები უფრო გვჭირდება. და ყველას მშვენივრად ესმის, რა.

8 წლის წინ უკრაინელებმა გააკეთეს არჩევანი, ბევრმა სიცოცხლეც შესწირა ამ არჩევანს. 8 წლის შემდეგაც უკრაინა მუდმივად უნდა ითხოვდეს ევროპული პერსპექტივის აღიარებას? 2014 წლიდან რუსეთის ფედერაცია დარწმუნებულია, რომ ჩვენ ავირჩიეთ არასწორი გზა და რომ ჩვენ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპამ გამუდმებით არ უნდა თქვას და მოქმედებით დაამტკიცოს, რომ ეს ასე არ არის. განა ევროპა არ უნდა ამბობდეს დღეს, რომ მათი მოქალაქეები დადებითად უყურებენ უკრაინის კავშირში შესვლას? რატომ ვარიდებთ თავს ამ კითხვას? განა უკრაინა არ იმსახურებს პირდაპირ, გულწრფელ პასუხებს?

ჩვენ გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა, მაგრამ ჯერჯერობით უცხო პირებს არ უშვებენ. თუ ალიანსის ყველა წევრ ქვეყანას არ უნდათ ჩვენი ნახვა ალიანსში, გულწრფელად გვითხარით. ღია კარები კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა წლობით პასუხგაუცემელი კითხვები". - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

მისივე განცხადებით, ამ სიმართლისთვის საუკეთესო დრო NATO-ს მადრიდის სამიტია, რომელიც 29-30 ივნისს უნდა გაიმართოს. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მითითებებზე, რომ უკრაინას ალიანსში გაწევრიანება ყირიმის ძალისმიერი გზით დაბრუნება სურს. 

"მათ არ წაუკითხავთ ნატოს წესდების მე-5 მუხლი, რომელიც გულისხმობს კოლექტიურ ძალისხმევას თავდაცვის და არა თავდასხმის მიზნით. ყირიმი და დონბასის ოკუპირებული რეგიონები აუცილებლად დაუბრუნდება უკრაინას, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი გზით". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. 


close დახურვა