
აშშ-ს მთავრობამ წერილი გაუგზავნა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელს ჟენევაში, რომ აქვთ სანდო ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთმა უკრაინის იმ მოქალაქეების სია შეადგინა, რომლებსაც შეჭრის შემდეგ მოკლავს, ან დააპატიმრებს.
წერილის ასლს The New York Times ავრცელებს.
მასში, ასევე ნათქვამია, რომ რუსული ძალები ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან ხელყოფას გეგმავენ, რაც მოიცავს მოქალაქეთა გატაცებასა და წამებას.
წერილის თანახმად, მათი სამიზნე იქნებიან რუსული ქმედებების მოწინააღმდეგე პირები, მათ შორის რუსი და ბელარუსი დისიდენტები, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ, ჟურნალისტები, ანტიკორუფციული აქტივისტები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, ასევე LGBTQ თემის წევრები.
"გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა, შესაძლოა, გამოიყენონ სასიკვდილო ზომები მშვიდობიანი პროტესტის დასაშლელად", - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერს აშშ-ს ელჩი გაეროში.
როგორც The New York Times წერს, აშშ-ს სამმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა წერილისა და მისი შინაარსის ავთენტურობა.
ამას გარდა, Foreign Policy 18 თებერვალს წერდა, რომ აშშ-ს დაზვერვის სამსახურმა იცოდა რუსეთის "მოსაკლავების სიის" შესახებ.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადეს, რომ აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, პუტინმა უკვე გადაწყვიტა უკრაინაში შეჭრა. ბოლო რამდენიმე კვირაში რუსეთმა 190000 სამხედრო განალაგა უკრაინის საზღვრებთან. ასევე, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა მეამბოხეება გაზარდეს უკრაინის სამხედრო ძალების მიმართ საარტილერიო ცეცხლი ქვეყნის აღმოსავლეთით.