logo
ENG



საპატრიარქო ძალადობის ვიდეოზე: ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედება არაქრისტიანულია

21 თებ 202214:22
3 წუთის საკითხავი
 
საპატრიარქო ძალადობის ვიდეოზე: ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედება არაქრისტიანულია

საპატრიარქო სასულიერო პირის ძალადობის ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ "ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი".

საპატრიარქო განმარტავს, რომ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ვიდეომასალაში ასახული არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი, ისინი მორჩილები არიან. მათივე თქმით, ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება ვიდეოს გავრცელებისთანავე დაიწყეს.

"დეტალების დაზუსტების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია შესაბამის ეპარქიასთან, რის შემდეგაც საზოგადოებას ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით ამ უზნეო და ყოვლადმიუღებელი ფაქტის შესახებ.

ამასთან, კიდევ ერთხელ გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია, უზნეობის გამოსწორების ნაცვლად ის აზარალებს და ბღალავს ეკლესიის სახელსა და სიწმინდეს", - ნათქვამია განცხადებაში.

Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს ერთი სასულიერი პირი მეორეზე. ვიდეო 4 წუთს გრძელდება. მოძალადე სასულიერო პირი მეორეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და რამდენჯერმე ეკითხება, რატომ ჩაიცვა ანაფორა. გარდა ამისა, მოძალადემ იცის, რომ ვიდეოს იღებენ და გადამღებს ეუბნება - "არ გათიშო, გადაიღე".


close დახურვა