logo
ENG



ჰარცელი: საქართველოს მთავრობასთან გავაგრძელებთ მსჯელობას რუსეთის ქმედებების შესახებ

22 თებ 202214:46
3 წუთის საკითხავი
 
ჰარცელი: საქართველოს მთავრობასთან გავაგრძელებთ მსჯელობას რუსეთის ქმედებების შესახებ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ელოდება კონსულტაციების გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან იმის შესახებ, თუ რა დასკვნები უნდა გამოიტანოს ქვეყანამ რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარების გადაწყვეტილებიდან. 

"ევროპელმა ლიდერებმა უკვე მკაცრად დაგმეს პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, ლუგანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევაა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ უსაფრთხოების წესრიგის დარღვევა საბოლოოდ ყველას უსაფრთხოებას ეხება. სანამ არ გავივლი კონსულტაციებს ევროპელ ლიდერებთან ამასთან დაკავშირებით, სხვა კომენტარს ვეღარ გავაკეთებ. ჩვენ ასევე ველოდებით კონსულტაციების გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მომხდარი რეგიონისთვის და რა არის შესაბამისი დასკვნები, რომელიც ამ ვითარებიდან უნდა გამოვიტანოთ". - თქვა ევროკავშირის ელჩმა. 

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი დღეს, 22 თებერვალს იმსჯელებენ რუსეთის მიმართ დასაწესებელი სანქციების პაკეტის შესახებ. 


close დახურვა