logo
ENG



ბლინკენმა ლავროვთან შეხვედრა გააუქმა

23 თებ 202210:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/23/vsg3vi40nbqb6t4.jpg

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან გააუქმა შეხვედრა, რომელიც 24 თებერვალს იყო დაგეგმილი.

როგორც ბლინკენმა თქვა, შეხვედრის ერთ-ერთი პირობა იყო რუსეთს უარი ეთქვა უკრაინაში შეჭრაზე, თუმცა ახლა აშშ ვერ ხედავს შეხვედრის აზრს.

"ახლა, როდესაც ვხედავთ, რომ შეჭრა იწყება, და რუსეთმა ნათლად უარი თქვა დიპლომატიაზე, აზრი არ აქვს ამჟამად ამ შეხვედრის გამართვას", - განაცხადა ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

თავისი გადაწყვეტილების შესახებ ბლინკენმა ლავროვს უკვე შეატყობინა.

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.  

თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ასევე, სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ სამ ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. 

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმა ევროკავშირმა, რომელიც მათ შორის რუსეთის დუმის 351 დეპუტატსაც შეეხება. აღიარების გამო სანქციები ასევე შეეხება 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სანქციები გავრცელდება ბანკებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს აფინანსებენ.

რუსეთს სანქციები დაუწესა აშშ-მაც. როგორც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, ეს სანქციების პირველი ნაწილია და თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. 

სანქციები შეეხება ორ ფინანსურ ინსტიტუტზე - VEB და სამხედრო ბანკს. ასევე შავ სიაში მოხვდებიან რუსული ელიტის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები.

გარდა ამისა, რუსეთს შეეხება კანადის, იაპონიისა და ავსტრალიის სანქციები. 


close დახურვა