logo
ENG



ქადაგიშვილი: პრეზიდენტის განკარგულებაში ჩანაწერი ვერ უზრუნველყოფს პრემიერის სესიაზე მოსვლას

24 თებ 202217:34
3 წუთის საკითხავი
 
ქადაგიშვილი: პრეზიდენტის განკარგულებაში ჩანაწერი ვერ უზრუნველყოფს პრემიერის სესიაზე მოსვლას

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის განკარგულებაში ჩანაწერი "სამართლებრივად" ვერ უზრუნველყოფს პრემიერ ღარიბაშვილის პარლამენტში მისვლას. მან ეს მას შემდეგ თქვა, რაც სალომე ზურაბიშვილმა დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა, უკრაინის საკითხზე რიგგარეშე პლენარული სესია მოეწვიათ. 

"უნდა დაველოდოთ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ აქტს, განკარგულებას. მოგეხსენებათ, ყველა ეს საკითხი პარლამენტის რეგლამენტითაა მოწესრიგებული. პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტში მთავრობის მეთაურის დაბარების სპეციალური წესი არსებობს. გამომდინარე აქედან, ის ჩანაწერი, რაც 41 დეპუტატის მიერ არის გაკეთებული პრეზიდენტის მიმართვის დროს, რეგლამენტთან შესაბამისობაში არაა. 

იმის გამო, რომ განსახილველია საყოველთაო თემა, რიგგარეშე სესია იმართება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული საკითხის გარშემო კონკრეტული დღის წესრიგით.

ოპოზიციას მოთხოვნაში აქვს მთელი რიგი საკითხები, რომელიც არის არასაპარლამენტო სფერო", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 24 თებერვლის ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას ხელს მოაწერს. 

"საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში, ეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა იქნება თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ ერთად, მთელი ერი, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გვერდით. ახლა მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო", - თქვა ზურაბიშვილმა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, პარლამენტში რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას ოპოზიცია ითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს ოპოზიციის მოთხოვნის პასუხად თქვა, რომ პარლამენტში საგანგებო სხდომის ჩანიშვნა საჭირო არაა.

 


close დახურვა