logo
ENG



ევროპის საბჭომ რუსეთს წარმომადგენლობის უფლება შეუჩერა

25 თებ 202220:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/25/lii8reqvnpwjnvm.jpg

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, საბჭოში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერების პროცედურა უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით დაიწყო. 

ევროპის საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ევროპის საბჭოს წესდების შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტმა დღეს რუსეთის ფედერაციას მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობის უფლება შეუწყვიტა. საბჭო განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის პირდაპირი შედეგია.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება დაკავშირებულია საბჭოს ქარტიის მესამე მუხლის დარღვევასთან. ამ მუხლის მიხედვით, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან კანონის უზენაესობის პრინციპი აღიარონ და მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა ადამიანის უფლებათა დაცვა და ფუნდამენტური თავისუფლებები უზრუნველყონ.

რუსეთისთვის წევრობის გაუქმების ინიციატივის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ დღეს ტვიტერზე დაწერა.

„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით, ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობა გაუქმებაზე განხილვა დაიწყო.“ - პოლონეთის პრემიერმა ტვიტერზე დაწერა.

საკითხის რიგგარეშე განხილვა სტრასბურგში დღეს მიმდინარეობდა. 

ევროპის საბჭო მისი წევრებისთვის დადგენილი ვალდებულებების უხეში დარღვევების გამო, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სხვადასხვა ზომის მიღებას განიხილავდა.

ერთ-ერთი ზომა მინისტრთა კომიტეტის მხრიდან საბჭოს ქარტიის დამრღვევი ქვეყნისთვის წარმომადგენლობის უფლების შეწყვეტაა, რასაც ევროსაბჭომ რუსეთის შემთხვევაში მიმართა.


close დახურვა