logo
ENG



ISU-მ რუს და ბელარუს მოციგურავეებს საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობა აუკრძალა

01 მარ 202214:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/ausq504kbr6dydi.jpg
David J. Phillip / AP Photo

მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა (ISU) რუსეთსა და ბელარუსს ყინულზე სრიალის საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობა აუკრძალა.

კავშირის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) რეკომენდაციები გაითვალისწინეს. გადაწყვეტილება, რომელიც რუს და ბელარუს სპორტსმენებს კავშირის საერთაშორისო ჩემპიონატებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას უკრძალავს, დაუყოვნებლივ ამოქმედდა.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად, ყინულზე სრიალის შეჯიბრების სამართლიანობისა და საერთაშორისო ფიგურული სრიალის შეჯიბრების ყველა მონაწილის უსაფრთხოების დასაცავად, მოციგურავეთა საერთაშორისო კომიტეტის საბჭო შეთანხმდა, რომ ნებისმიერი იმ მოსრიალის მიწვევა ან მონაწილეობა იკრძალება კავშირის ჩემპიონატსა და სხვა ღონისძიებებში, ვინც მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის წევრია რუსეთსა (რუსეთის ციგურაობის კავშირი და რუსეთის ფედერაციის ფიგურული სრიალის კავშირი) და ბელარუსში (ბელარუსის ციგურაობის კავშირი).

აღნიშნული დაუყოვნებლივ ამოქმედდება დამატებით გადაწყვეტილებამდე და ვრცელდება ციგურაობის საერთაშორისო კავშირის საზოგადოებაში ჩარიცხულ რუს და ბელარუს ოფიციალურ პირებზეც.“ - წერია კავშირის ოფიციალურ განცხადებაში.

მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის საბჭომ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ საბჭო განიხილავს ჰუმანიტარულ დახმარებას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებისთვის გამოაქვეყნა რეკომენდაცია, რომ რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს შეჯიბრებში მონაწილეობის უფლება არ მისცენ. ოლიმპიურმა კომიტეტმა აღნიშნულის მიზეზად უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაასახელა.


close დახურვა