ირაკლი კობახიძის შეფასებით, უკრაინის ევროკავშირის წევრობის განაცხადის ირგვლივ "ემოციური აჟიოტაჟია შექმნილი", რაც, მათ შორის, არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ეფუძნება.
"ამ განაცხადზე ემოციური აჟიოტაჟია შექმნილი და ეს ემოციური აჟიოტაჟი შექმნილია არასწორი ინფორმაციების გავრცელების საფუძველზეც.
საქმე გვაქვს იმასთან, რომ იმის გათვალისწინებით უკრაინას შესთავაზეს დაჩქარებული წესით კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივის განხილვა. ამაზეა საუბარი, არ არის საუბარი უკრაინის გაწევრიანებაზე.
ასეც და ისეც უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში დასჭირდება მრავალი წელი, იმიტომ, რომ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ვიდრე არ შესრულდება ყველა ვალდებულება, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. ეს ეხება უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს, ყველა ქვეყანას თანაბრად". - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველოს ძალიან ამბიციური გეგმები აქვს.
"ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური განაცხადი გაკეთებული, რომ ასეთ დოკუმენტს შევიტანთ ევროკავშირში 2024 წელს.
ეს ეფუძნება იმას, რომ 2024 წლისთვის ჩვენ გვექნება შესრულებული ვალდებულებების სერიოზული ნაწილი, რაც იქნება რაციონალური საფუძველი ექნება ჩვენი მხრიდან განაცხადის შეტანას". - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ქართული ოცნების თავმჯდომარის მტკიცებით, "ნაჩქარევ განაცხადს ძლიერი განაცხადი ჯობია".
"პასუხისმგებლები ვართ ქართველი ხალხის წინაშე, რომ არა ნაჩქარევი, არამედ ძლიერი განაცხადი შევიტანოთ. ნაჩქარევი განაცხადი, რაც გაკეთდა, არის რელევანტური უკრაინისთვის და არა მოლდოვისა და საქართველოსთვის". - ამბობს კობახიძე.
28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი ოფიციალურად მოაწერა.
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მისიის ხელმძღვანელი, ვსევოლოდ ჩენცოვი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი წევრობის განაცხადი ევროკავშირის წარმომადგენლობას 1-ლ მარტს გადასცა. მისი თქმით, აპლიკაცია დარეგისტრირებულია და პროცესი დაიწყო.