უკრაინის პრზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ საქართველოდან ელჩს გაიწვევს.
მიზეზი მოხალისე ჯარისკაცებისთვის უკრაინაში გასამგზავრებლად დაბრკოლებების შექმნა და სანქციებზე არშეერთებაა.
"ჩვენი დიპლომატები ახორციელებენ სამართლიან მოქმედებებს იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც უღალატა სიტყვას და საერთაშორისო სამართალს.
დაუყოვნებლივ გამოვითხოვთ ელჩს ყირგიზეთიდან კონსულტაციებისთვის.
დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეთათვის ხელშეშლის გამო, რომელთაც ჩვენი დახმარება სურდათ და სანქციებთან დაკავშირებლი ამორალური პოზიციის გამო". - თქვა ზელენსკიმ.
საქართველოში რამდენიმე ათეულმა მოხალისემ უკრაინაში წასვლის და ბრძოლის სურვილი გამოთქვა, თუმცა, მათ გაფრენის საშუალება არ მიეცათ.
28 თებერვალს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა.
უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა იმედი გამოთქვა, რომ ღარიბაშვილი უკრაინაში ქართველი მოხალისეებისთვის ფრენის ნებართვას გასცემს.
"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად თბილისის აეროპორტში ფრენას ელოდებიან, იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება. ევროპა ამას ელოდება". - დაწერა მან ტვიტერზე.
"თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!" - დაამატა შმიგალმა.
1-ლ მარტს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქართველი მოხალისეების უკრაინაში საბრძოლველად წასვლა ომში ჩართვას ნიშნავს და ნებართვა სწორედ ამიტომ არ გაიცა.