logo
ENG


NGO-ების თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის სახე ზურაბიშვილი უნდა გახდეს

03 მარ 202212:08
3 წუთის საკითხავი
clock 1005
NGO-ების თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის სახე ზურაბიშვილი უნდა გახდეს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მიესალმებიან საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის გაკეთებას. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის სახე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა გახდეს.

მათი თქმით, პოზიტიური შედეგისთვის ქართული ოცნების მხრიდან რამდენიმე სასწრაფო ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. NGO-ების განცხადებით, მთავრობამ:

  • ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით რეფორმები უნდა გაატაროს
  • უნდა დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს
  • უკრაინასთან სასწრაფოდ გამოასწოროს ურთიერთობა
  • განაცხადი გააკეთოს ტრიოსთან ერთად (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა).

"ევროკავშირის წევრობა არ იქნება 1 და 2 დღის ამბავი, ეს იქნება საკმაოდ გრძელი გზა. გრძელი გზა რეფორმებისა და განვითარების. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებას, მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი დღესვე უნდა დაიწყოს.

საჭიროა, შეიქმნას საგანგებო სტრუქტურა ხელისუფლებაში, რომელიც ამაზე იმუშავებს და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პროცესის სახე უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ყველას გვესმის კარგად, რომ ჩვენი პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებიდან ყველაზე მისაღები ფიგურაა ევროპისთვის", - თქვა ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს საქართველო დღეს, 3 მარტს წარადგენს.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული იყო, რომ წევრობაზე განაცხადს 2024 წელს შეიტანდნენ, თუმცა ამჟამინდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით გადაწყვიტეს, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ გააკეთონ.


close დახურვა