28 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა დაჩქარებული წესით ევროკავშირში უკრაინის წევრობის სტატუსის შესახებ განაცხადს, რასაც შემდეგ დღესვე ევროპულმა პარლამენტმა რეკომენდაცია გაუწია.
დიდი საპროტესტო აქციების შემდეგ გუშინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შეაქვს განაცხადი. დღეს კი პრემიერმინისტრმა ხელი მოაწერა განაცხადს. ევროკავშირში წევრობის სტატუსისთვის განაცხადი უკრაინისა და საქართველოს შემდეგ, მოლდოვასაც შეაქვს. დოკუმენტს ოფიციალურად მოაწერა ხელი პრეზიდენტმა მაია სანდუმ.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა ხანგრძლივი და კომპლექსურია, რაც 27 წევრი ქვეყნისგან შემდგარი ბლოკის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის მრავალი რეფორმის განხორციელებას მოიცავს. მსურველი ქვეყანა, როგორც წესი, წევრობის კანდიდატობაზე განაცხადის შეტანამდე იღებს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერეს, რაც ევროკავშირთან ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაახლოებას მოიცავდა და მათ შორის ითვალისწინებდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებსა და უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში.
წევრობის კანდიდატის სტატუსი ევროკავშირამდე მისასვლელ გზაზე პირველი ეტაპია. თანაც სტატუსის მქონე ქვეყნებს არ აქვთ გარანტია, რომ ევროკავშირის წევრები ოდესმე გახდებიან, ინდივიდუალურია გაწევრიანებისთვის საჭირო დროც.
მაგალითისთვის, სერბეთი და მონტენეგრო, ორი ბალკანეთის ქვეყანა უკვე 10 წელზე მეტია, რაც მოლაპარაკებებშია და ამ ეტაპზეც არ არსებობს მათი ევროკავშირში გაწევრიანების გარანტია. ჩრდილოეთ მაკედონიას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკვე 17 წელია აქვს, ალბანეთს კი 8 და არცერთ მათგანში წევრობის შესახებ მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაწყებულა.
ევროკავშირში ბოლოს ბულგარეთი, რუმინეთი და ხორვატია მიიღეს. ბულგარეთმა და რუმინეთმა ევროკავშირის წევრობისთვის 1995 წელს მიმართეს. ორივე მათგანთან ევროკავშირმა წევრობის მოლაპარაკებების პროცესი 1999 წელს დაიწყო. ბულგარეთმა და რუმინეთმა წევრობის ხელშეკრულებას ხელი 2005 წელს მოაწერეს და საბოლოოდ ევროკავშირს 2007 წლის პირველ იანვარს შეუერთდნენ.
ხორვატიამ წევრობის განაცხადი 2003 წელს გააკეთა და ევროკავშირში 2013 წელს შევიდა.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი
ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ბლოკის გაფართოების პოლიტიკა არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია ევროპის მშვიდობაში, სტაბილურობაში, უსაფრთხოებასა და განვითარებაში.
გაფართოების პოლიტიკა წევრობის კანდიდატს სთხოვს სხვადასხვა სფეროში კომპლექსური რეფორმების გატარებას: მათ შორის კანონის აღსრულების, ეკონომიკის მიმართულებით რეფორმებს ისევე, როგორც კორუფციისა და დანაშაულის აღმოფხვრას. ასევე მნიშვნელოვანია, შეთანხმებული ურთიერთობები და რეგიონულ თანამშრომლობა დანარჩენ წევრ ქვეყნებთან.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 3 დიდ და ძირითად საფეხურს მოიცავს:
1. ქვეყანას შეაქვს წევრობის განაცხადი ევროსაბჭოში:
მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის შესახებ განაცხადს გააკეთებს, ევროპული საბჭო ევროკომისიას მიმართავს, რათა მოამზადოს ანგარიში, სადაც დაფიქსირებული იქნება მათი პოზიცია: არის თუ არა ქვეყანა მზად მოლაპარაკებების დაწყებისთვის.
ევროკომისია ამის შემდეგ გასცემს რეკომენდაციას, წევრობის მსურველ ქვეყანასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. საბჭო, როგორც წესი, ხშირად იღებს ევროკომისიის ამ რეკომენდაციას, რის შემდეგაც ქვეყანა ოფიციალურად ხდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.
მნიშვნელოვანია, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება არ გულისხმობს მოლაპარაკებების მყისიერად დაწყებას. ამ ნაწილში ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის აბსოლუტური თანხმობაა საჭირო. წევრობის შესახებ მოლაპარაკებები ვერ დაიწყება მანამ, სანამ ევროკავშირის სახელმწიფოები ვერ შეთანხმდებიან. შესაბამისად, მოლაპარაკებების დაწყება შესაძლოა დიდი ხნით გადავადდეს თუ რომელიმე ქვეყანა ვეტოს დაადებს.
მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭო მოლაპარაკებებს "მწვანე შუქს აუნთებს" ევროკომისია იწყებს წევრობის კანდიდატი ქვეყნის კანონმდებლობის დაწვრილებით გამოკვლევას, რათა დაინახოს, რამდენად შეესაბამება ის ევროკავშირის კანონმდებლობას.
2. წევრობის შესახებ მოლაპარაკებები:
ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობის საფუძველზე ევროკავშირი კანდიდატ ქვეყანასთან იწყებს წევრობის შესახებ მოლაპარაკებებს. ევროკომისია ადგენს მოლაპარაკებების ჩარჩოს მონახაზს, რომელსაც ასევე ათანხმებს ევროკავშირის ყველა წვერ სახელმწიფოსთან.
მოლაპარაკებების ფარგლებში კანდიდატი ქვეყანა ემზადება ევროკავშირის კანონებისა და სტანდარტების მორგებისთვის. წევრობის მოლაპარაკებების მიზანი კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირის კანონმდებლობასა და კანდიდატ ქვეყანას შორის შესაბამისობის მიღწევაა. კანონმდებლობა შედგება მოლაპარაკების 35 თავისგან, რომლებიც 6 ჯგუფადაა დაყოფილი და მრავალ ასპექტს მოიცავს.
მოლაპარაკებები იმართება, ერთი მხრივ ევროკავშირის მინისტრებსა და ელჩებს, მეორე მხრივ კი კანდიდატ ქვეყანას შორის ერთაშორისი კონფერენციების ფორმატით. მოლაპარაკებების პროცესი ასევე მოიცავს ამ პირობების დანერგვისა და განხორციელების პროცესის მუდმივ შემოწმებას.
წევრობის მოლაპარაკებები 35 კომპონენტს მოიცავს, რაც 6 ჯგუფადაა დაყოფილი. ეს ჯგუფებია:
1) ფუნდამენტური საკითხები: რისი შემოწმება და იმპლემენტაციაც პირველი იწყება და მოლაპარაკებების დასრულებამდე მიმდინარებს. ეს ჯგუფი მოიცავს, როგორც სამართლებრივ და ფუნდამენტური უფლებებს, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას, საჯარო ადმინისტრირების რეფორმასა და ეკონომიკურ კრიტერიუმს.
2) შიდა ბაზარი: პროდუქტების თავისუფალი გადაადგილება, დასაქმებულთათვის თავისუფალი გადაადგილება, ინტელექტუალური საკუთრება, კონკურენციის უზრუნველყოფა, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა უფლებები და ა.შ
3) კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა: მოიცავს ეკონომიკისა და მონეტარულ პოლიტიკას, გადასახადების საკითხს, ინფორმაციისა და მედიასაშუალებებს, სოციალურ პოლიტიკასა და დასაქმებას, განათლებას, სამუშაო პოლიტიკას.
4) მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირები: ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ბუნებისა და კლიმატის ცვლილებების შესახებ პოლიტიკას ითვალისწინებს, ისევე როგორც ტრანსევროპულ კავშირებს.
5) რესურსები, აგრიკულტურა და ურთიერთკავშირები - სოფლის მეურნეობის განვითარება, საკვების უსაფრთხოება.
6) საგარეო ურთიერთობები: საგარეო კავშირები, საგარეო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა.
ამ 35 თავიდან თითოეულის წარმატებით შესაბამისობა კვლავ ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობით დასტურდება. მოლაპარაკებების ეტაპი დამოკიდებულია რეფორმების განხორციელების სიჩქარესა და ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობაზე.
ამრიგად, მოლაპარაკებების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და პროცესის დაწყება არც ერთ ეტაპზე არ გულისხმობს მისი წარმატებით დასრულების გარანტიას.
3. წევრი სახელმწიფო:
მას შემდეგ რაც ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა შეთანხმდება, რომ წევრობის კანდიდატმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, კომისია წერს ანგარიშს, სადაც ამბობს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის მზადაა.
ამის საფუძველზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური მხარდაჭერისა და ევროპარლამენტის თანხმობის შემთხვევაში მთავრდება მოლაპარაკებების პროცესი.
საბოლოოდ, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო და წევრობის კანდიდატი ქვეყანა ხელს აწერს და ამტკიცებს წევრობის ხელშეკრულებას, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების ზუსტი თარიღია მითითებული.
ხელშეკრულებას ასევე ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის დადასტურება სჭირდება. თუ ყველა წევრი ქვეყანა დაუჭერს მხარს კანდიდატი ხდება „შემსვლელი ქვეყანა“ და გარკვეული პერიოდის შემდეგ ევროკავშირის წევრი ხდება.
ავტორი: ნია აფციაური