5 მარტს საქართველოში რუსული დამოუკიდებელი არხის, დოჟდის ჟურნალისტი, მიხაილ ფიშმანი არ შემოუშვეს. მისგან განსხვავებით, ქვეყანაში შემოსვლის უფლება მისცეს მისი ოჯახის წევრებს.
ფიშმანმა ფორმულასთან თქვა, რომ მისთვის არავის არაფერი აუხსნია, თუმცა, სხვადასხვა წყაროებისგან გაიგო, რომ არშემოშვების მიზეზი რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიაში მუშაობაა.
"საქართველოში გუშინ დილით ჩემს ქალიშვილებთან ერთად ჩამოვედი. ისინი ქვეყანაში შეუშვეს, მე - არა. თავიდან ერთი საათი საზღვარზე გამაჩერეს. მერე პასპორტი მომცეს და მითხრეს, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარს მეუბნებოდნენ. ისიც მითხრეს, რომ გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში გავასაჩივრო.
ვკითხე, რასთან დაკავშირებით-მეთქი. მითხრეს, რომ როცა ბაქოში დავბრუნდებოდი, საბუთებს მაჩვენებდნენ. წარმოდგენა არ მაქვს, რა საბუთებზე მელაპარაკებოდნენ.
პასპორტიც კი მას შემდეგ მომცეს, რაც გამოვფრინდი. მიზეზი გაურკვეველი დარჩა. ჩემთვის არავის არაფერი აუხსნია, თუმცა, სხვა საუბრებიდან, სხვა კონტაქტებიდან გავიგე, რომ ყველაფერი ტელეარხ დოჟდთან კავშირის გამო მოხდა". - თქვა ფიშმანმა ფორმულასთან.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ მედიებისთვის ცენზურა დააწესა, რამც დამოუკიდებელი მედიების მუშაობა ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა. რუსეთის დუმაში აცხადებენ, რომ თუ მედია ომთან დაკავშირებით "ფეიკ ნიუსებს" გაავრცელებს, ჟურნალისტები ან დაჯარიმდებიან ან დააკავებენ. აკრძალულია სიტყვა ომის გამოყენება.
რუსეთის ტერიტორიაზე დაიხურა რადიო ეხო მოსკვი, რადიო თავისუფლება, შეწყდა დოჟდის მაუწყებლობა.