logo
ENG



სპორტი რუსეთის გარეშე

07 მარ 202201:31
3 წუთის საკითხავი
clock 1396
2022/03/07/s9snq9yuvmu1bdy.jpg

24 თებერვალს რუსეთის წამოწყებულ ომს უკრაინაში ცივილიზებულმა სამყარომ ერთხმად, ერთსულოვნად და მტკიცედ უპასუხა. სპორტულმა საზოგადოებამ, რომელიც სამართლიანობის, მეგობრობისა და პატივისცემის ბურჯებზე დგას, რუსულ აგრესიას მთელი საზოგადოებრივი გავლენა დაუპირისპირა და აჩვენა, თუ რატომ აღელვებს ის მილიონობით ადამიანს პლანეტის ყველა წერტილში, მიუხედავად უამრავი განსხვავებისა.

პირველი მკაფიო რეაქცია და ურყევი, ზუსტი პოზიცია ყველაზე სწრაფმა სპორტსმენებმა დააფიქსირეს. ფორმულა 1-ის ლეგენდარულმა მრბოლელებმა: 4-გზის ჩემპიონმა, სებასტიან ფეტელმა და მოქმედმა გამარჯვებულმა, მაქს ფერსტაპენმა, მყისიერად დაგმეს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და გამოვიდნენ ინიციატივით, გაუმქმებულიყო რუსეთის გრან პრი, რომელიც 21-23 სექტემბერს სოჭში იყო დაგეგმილი.

საბოლოოდ, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ სოჭის გრან პრი გააუქმა. ამერიკულმა საჯინიბომ, ჰაასმა, მამა-შვილ მაზეპინებთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტა. დმიტრი მაზეპინის კომპანია Uralkali-სთან ჰაასმა კონტრაქტი გაწყვიტა, დმიტრის შვილი, ნიკიტა კი 2022 წლის სეზონის დაწყებამდე 1 თვით ადრე ბოლიდიდან გადმოსვა.

რუსული სასპონსორო ხელშეკრულებების გადახედვა აქტუალური იყო ფეხბურთშიც. გელზენკირხენის შალკემ ომის დაწყების დღეს გადაწყვიტა გაზპრომის წარწერა მაისურზე აღარ დაეტანა, შემდეგ კი სარფიან გარიგებაზე უარი ეთქვა. მსგავსად მოიქცა UEFA-ც, რომელმაც გაზპრომი ჩემპიონთა ლიგის პარტნიორობიდან ამოიღო. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციასთან კოორდინაციით კი ევროპული ტურნირებიდან რუსული კლუბები მოკვეთა. უკრაინის, პოლონეთისა და ალბანეთის საფეხბურთო ფედერაციების აპელაციის შესაბამისად, FIFA-მ რუსეთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა.

რობერტ ლევანდოვსკის, ანდრეი შევჩენკოს, ოლეკსანდრ ზინჩენკოსა და სხვა ვარსკვლავების წინამძღოლობით, ევროპულ ჩემპიონატებში უკრაინის სოლიდარობის აქციები ჩატარდა. უკრაინის დროშის ფერებში განათდა სტადიონები, მოირთო ტრიბუნები. Football Stands Together - იყო საფეხბურთო სოლიდარობის მთავარი სათქმელი უკრაინისთვის.

ანალოგიურად მოიქცა კალათბურთის მსოფლიო ფედერაცია; რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა აეკრძალა. ყველაზე პრესტიჟულმა საკლუბო ჩემპიონატმა, ევროლიგამ, კი რუსულ კლუბებს ასპარეზობის უფლება ჩამოართვა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომლის დაწესებული სანქციებიც რუსეთზე დოპინგ-სკანდალის საპასუხოდ ჯერ კიდევ ძალაშია, გადაწყვიტა, ოლიმპიურ ფორუმებზე რუსეთი, საერთოდ, აღარ დაუშვას.

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ და მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესი სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელეს. მათ მიერ ორგანიზებული ყველა შეჯიბრი რუსული გუნდებისა და სპორტსმენების გარეშე ჩაივლის.

პოპულარულმა დეველოპერულმა კომპანია EA Sports-მა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, საფეხბურთო სიმულატორ FIFA 22-დან რუსული სიმბოლიკა ამოიღო.

საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ, ლონდონის ჩელსის მფლობელმა, რუსმა ოლიგარქმა, რომან აბრამოვიჩმა ჯერ მართვის გადაბარების შესახებ გაავრელა განცხადება, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ის ჩელსის ოფიციალურად ყიდის. 

ჩოგბურთის მმართველმა ორგანომ რუს სპორტსმენებს ასპარეზობის უფლება დაუტოვა, თუმცა აკრძალა მათი რუსეთის სახელით გამოსვლა. ამ გადაწყვეტილებას უკრაინელი მოთამაშის, ელინა სვიტოლინას პროტესტი მოჰყვა. სვიტოლინამ განაცხადა, რომ რუს სპორტსმენებთან თამაშს არ აპირებს.

რუსულ აგრესიას ქართული სპორტული საზოგადოებისგანაც შეხვდა პასუხი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ VTB ბანკთან სასპონსორო ხელშეკრულება გაწყვიტა. ასევე, ცნობილი გახდა ევროპის საჭადრაკო კავშირის ქართველი პრეზიდენტის, ზურაბ აზმაიფარაშვილის გადაწყვეტილების შესახებ, მოკვეთოს რუსეთი ამ გაერთიანებიდან.

სახსენებელი ისიც, რომ თორნიკე შენგელიამ, რომლის მოსკოვის ცსკა-ში გადასვლასაც დიდი პროტესტი მოჰყვა ქართველი გულშემატკივრების მხრიდან, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ქვეყანა რუსული არმიის კლუბი დატოვა.

ევროპის პროფესიული საფეხბურთო ლიგის ასოციაციის (FIFPro) გადაწყვეტილებით, რუსეთის პრემიერ ლიგაში მოთამაშე ლეგიონერებს, შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის გამო, თავიანთ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტა ცალმხრივად, ჯარიმის გარეშე შეუძლიათ. ჯერჯერობით არ ვიცით, რას აპირებენ ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც რუსეთში თამაშობენ. 

 უკრაინელმა სპორტსმენებმა რუსეთთან წინააღმდეგობის უკიდურესი ფორმა აირჩიეს. ვეტერანმა ჩოგბურთელმა, სერგი სტახოვსკიმ, ყოფილმა ჩემპიონმა მოკრივეებმა, ვლადიმირ და ვიტალი კლიჩკოებმა, ვასილი მოლაჩენკომ და მძიმე წონის ქამრის მოქმედმა მფლობელმა, ოლეკსანდრ უსიკმა, სამშობლოს დასაცავად ფრონტის ხაზზე გასვლა და ხელში იარაღის აღება გადაწყვიტეს.

სპორტული სამყაროსა და სპორტსმენების წინააღმდეგობა მე-11 დღეა გრძელდება.


close დახურვა