ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, კომპანია ჯორჯიან ეარვეისი რუსულ საგადასახადო სისტემაში ჩართვით უწყობს ხელს რუსეთს, დასავლური ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს გვერდი აუაროს. ეს მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა.
როგორც მან აღნიშნა, რომ ავიაკომპანია კომერციულ ურთიერთობებს ამყარებს იმ რუსულ საგადასახადო სისტემასთან, რომელიც უკანონოდ საქმიანობს ოკუპირებულ აფხაზეთში და არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
"რუსეთმა სანქციებისგან თავის არიდების მიზნით შექმნა შიდა რუსული პლასტიკური ბარათების სისტემა სახელწოდებით - Мир. 2 დღის წინ საქართველოში მოხდა წარმოუდგენელი რამ. ამ რუსულ სისტემაში, რომელიც შეიქმნა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების თავის ასარიდებლად, ორი დღის წინ ჩაერთო ქართული ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი და დაიწყო ბილეთების გაყიდვა, რითაც პირდაპირ ხელს უწყობს რუსეთის ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისადმი დაწესებული უმძიმესი სანქციებისგან გვერდის ავლაში", - განაცხადა მან.
ნიკა მელიას თქმით, კომპანია რუსულ საგადასახადო სისტემაში ჩართვას ხელისუფლების თანხმობისა და პირდაპირი ნებართვის გარეშე ვერ შეძლებდა.
"რა თქმა უნდა, ეს კომპანია ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა ხელისუფლების თანხმობის და პირდაპირი ნებართვის გარეშე. ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობის მიერ ეს არის მორიგი სამარცხვინო და უღირსი ქმედება, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო რუსეთის მიმართ ამკაცრებს სანქციებს, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მონაწილეობს ამ სანქციების რუსეთისთვის არიდებაში", - ამბობს მელია.