logo
ENG



დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი: პანიკას ქმნის თვითონ მოსახლეობა და არასწორი განცხადებები

09 მარ 202219:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/09/ehrb80x0k7hwsul.jpg

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია ამბობს, რომ პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებულ პანიკას თვითონ მოსახლეობა და არასწორი განცხადებები ქმნიან. გადაცემა კომენტარის ეთერში ჭყონიამ აღნიშნა, რომ გაურკვეველია, რატომ შეიქმნა შაქართან დაკავშირებით მასობრივი შესყიდვის მოთხოვნილება.

"მე გაკვირვებული ვარ, ვერ გეტყვით, რატომ შეიქმნა შაქართან დაკავშირებით პანიკური ფონი და დაიწყეს პანიკური შესყიდვა. [...] არ ვიცი ამდენი შაქარი სად მიაქვთ, მაგრამ ამით ზიანს აყენებენ იმ ადამიანებს, თავის ნათესავებს, მეგობრებს, რომელთაც რეალურად სჭირდებათ. პანიკური ფასებიც არის აგრეთვე ბაზარზე, გადამყიდველები ამით სარგებლობენ. მინდა მოგიწოდოთ, დაზიანდებით ამით ისევ თქვენ. ჯერ ერთი, ძვირად მოგიწევთ ყიდვა. პანიკას ქმნის თვითონ მოსახლეობა და არასწორი განცხადებები", - ამბობს ივა ჭყონია.

რუსეთსა და უკრაინაზე საქართველოში იმპორტირებული შაქრის 1%-ზე ნაკლები მოდის. იანვარში უკრაინა საქართველოს შაქრის იმპორტით მეექვსე, ხოლო რუსეთი მეათე ადგილზე იყო. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს შაქრის ძირითადი იმპორტიორების TOP-5 ქვეყანაა - თურქეთი, პოლონეთი, ბრაზილია, ნიდერლანდები და კოლუმბია.

დღეს, 9 მარტს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ დეფიციტი არ არსებობს.


close დახურვა