ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის ოჯახს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის სახელმწიფო დუმას 12 წევრს, ვინც ჩართული იყო ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებაში, ასევე კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის ცოლსა და ზრდასრულ შვილებს“ - განაცხადა ნედ პრაისმა.
პრაისს არ დაუკონკრეტებია იმ 12 ადამიანის ვინაობა ვისაც სანქციები შეეხო. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ამერიკა აგრძელებს მდიდარი რუსებისა და ელიტებისთვის სანქციების დაწესებას, რათა დარწმუნდეს, რომ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთი გადაიხდის მძიმე ეკონომიკურ და დიპლომატიურ ფასს.
დიმიტრი პესკოვის ცოლი მოციგურავე ტატიანა ნავკაა. პესკოვს 5 შვილი ჰყავს, მათგან 2 ზრდასრულია.
შეგახსენებთ, რომ დღეს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ში რუსული წარმოების პროდუქტების იმპორტი იკრძალება. მათ შორის თევზის, ზღვის ნაწარმის, ალკოჰოლური სასმლის, ბრილიანტების და იმ სხვა რუსული წარმოშობის პროდუქტების, რასაც აშშ-ის სახელმწიფო ხაზინა განსაზღვრავს.
ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ აპირებს რუსეთს გაუუქმოს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი.
"ყველაზე უპირატესი ქვეყნის" სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ორი ქვეყანა შეთანხმდა ერთმანეთთან საუკეთესო პირობებით ვაჭრობაზე - დაბალი ტარიფებით, ვაჭრობის რამდენიმე ბარიერითა და მაქსიმალურად დაშვებული იმპორტი", - განმარტა ბაიდენმა.
ასევე დღეს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთისთვის ამერიკული დოლარების მიწოდება იკრძალება.
„იკრძალება აშშ-ის დოლარის ბანკნოტების ექსპორტი, ხელახალი ექსპორტი, გაყიდვები ან მიწოდება პირდაპირ ან არაპირდაპირ აშშ-დან ან ამერიკის მოქალაქისგან, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის, რუსეთის ფედერაციის ან ნებისმიერი რუსეთის მოქალაქისთვის.“ - წერია პრეზიდენტის განკარგულებაში.