logo
ENG



რა ხდება უკრაინაში - განახლებადი

15 მარ 202213:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/14/t0k12wsr7z0awsx.jpg
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ლტოლვილად იქცა 2 მილიონამდე უკრაინელი. რუსეთი შეტევებს აგრძელებს, თუმცა, წარმატებას უკრაინის ვერც ერთ რეგიონში აღწევს. 

 

კიევში ჭურვი მოხვდა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს

15.03 - 09:55

დღეს, 15 მარტს, გამთენიისას, კიევში ჭურვი მოხვდა ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს პოდოლსკის რაიონში, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური უბანია.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ხანძარი პირველიდან მეხუთე სართულამდე გავრცელდა. ერთი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჟურნალისტს, რომელიც ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა, ადვოკატები ვერ პოულობენ

ადვოკატებმა ვერ იპოვეს რუსეთის პირველი არხის დაკავებული რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც პირდაპირ ეთერში, სტუდიაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა. ამის შესახებ იუწყება პორტალი OVD-Info.

15.03 - 08:46

ქალაქ როვნოსთან სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

14.03 - 22:12

ქალაქ როვნოსთან სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 9 კი - დაშავდა. ინფორმაციას როვნოს რეგიონალური ადმინისტრაციის უფროსი ვიტალი კოვალი ავრცელებს.

"დღეს დილით რივნის რაიონში ორი რაკეტა დაესხა სატელევიზიო ანძას და მის მიმდებარედ ადმინისტრაციულ შენობას. 18:00 საათის მდგომარეობით ვაცხადებთ, რომ გვყავს 9 დაღუპული, 9 დაშავებული. სამუშაოები აქტიურად გრძელდება", - აცხადებს კოვალი.

 

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან უკრაინელების საბრძოლო მასალები ააფეთქეს

14.03 - 20:55

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან უკრაინელების საბრძოლო მასალები ააფეთქეს.

ინფორმაციას ელექტროსადგურის პრესსამსახური ავრცელებს.

"ოკუპანტებმა საბრძოლო მასალების ნაწილი ააფეთქეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადრე სასწავლო ცენტრი მდებარეობდა. ისინი აპირებენ თავდასხმები გააგრძელონ ევროპის უდიდეს ბირთვულ ობიექტზე. აფეთქებისსას პერსონალმა სამუშაო ადგილი დატოვა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

უკრაინა - რუსეთის მოლაპარაკებებში ხვალამდე ტექნიკური პაუზა გამოცხადდა

14.03 - 19:25

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებში ხვალამდე ტექნიკური პაუზა გამოცხადდა.

"მოლაპარაკებებში ხვალამდე ტექნიკური პაუზა გამოცხადდა იმისათვის, რომ იმისათვის რომ ჩატარდეს დამატებითი სამუშაოები სამუშაო ქვეჯგუფებში და იმისთვის, რომ ცალკეული განმარტებები დაზუსტდეს"- წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

 

 

ზელენსკი: რუსეთი ანადგურებს ინფრასტრუქტურას, მაგრამ ჩვენ განვაახლებთ ყველა ქუჩას და ქალაქს

14.03 - 16:47

"რუსეთი აგრძელებს ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებას, ჩვენს ქალაქებზე დარტყმებს, მაგრამ ჩვენ განვაახლებთ ყველა ქუჩას ყველა ქალაქში, ყველა უკრაინელის ბინას, ყველა უკრაინელის სახლს. ახლა, როდესაც ოკუპანტი ჩვენს მიწაზეა, უნდა ვიბრძოლოთ, როგორც შეგვიძლია. დავიცვათ ქალაქები, სოფლები, ჩვენი მიწის ყოველი მეტრი და ჩვენი გულების ყოველი ნაწილი - უკრაინული გულების, უკრაინული სულების"

 

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთე რაუნდი დაიწყო. 

14.03-13:52

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დაიწყო. 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე მოლაპარაკებების დაწყებამდე დაწერა:

"მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი - მშვიდობაზე, ცეცხლის შეწყვეტაზე, სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე.

რთული განხილვა [იქნება], რუსეთი აცნობიერებს თავისი აგრესიული მოქმედებების სისულელეს, მაგრამ მაინც სჯერა, რომ უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ 19 დღიანი ძალადობა სწორი სტრატეგიაა"

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. უკვე 18 დღეა, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ლტოლვილად იქცა 2 მილიონამდე ადამიანი. 

უკრაინას და რუსეთს შორის ომის შესახებ ამ დრომდე მოლაპარაკების 3 რაუნდი შედგა, თუმცა, უშედეგოდ. რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს.

 

ფრანგი აქტივისტის თქმით, კურორტ ბიარიცში პუტინის ვილა "შტურმით აიღეს"

14.03 - 11:56

ფრანგი აქტივისტი პიერ აფრენი აცხადებს, რომ საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ბიარიცში, ვლადიმერ პუტინის ვილა "შტურმით აიღეს". იგი ფეისბუქზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ზღვისპირა ვილის აივანზე და სახლის ოთახებში უკრაინის დროშით ხელში დგას. 

გამოცემა Insider-თან საუბარში აქტივისტი აცხადებს, რომ მან ბიარიცში, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის ვილას საკეტები გამოუცვალა და სახლი ახლა მზადაა, მიიღოს პუტინის რეჟიმისგან გამოქცეული ლტოლვილები, ძირითადად, უკრაინელი ლტოლვილები.

 

უკრაინის გენშტაბი: ბელარუსმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე უარი უთხრა

14.03 - 11:47

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბელარუსმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი უთხრა. 

მანამდე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელორუსის არმიის მონაწილეობის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობდა.

 

რუსმა ოკუპანტებმა კიევში საავიაციო ქარხანა "ანტონოვი" დაბომბეს

14.03 - 11:33

რუსმა ოკუპანტებმა კიევში საავიაციო ქარხანა "ანტონოვი" დაბომბეს. 

ჭურვები მოხვდა მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლსაც. 

წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 2 ადამიანი, დაშავებულია - 7.

 

ამსტერდამის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფას აანონსებს

14.03 - 11:18

სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მათთვის "შეუძლებელია ფუნქციონირების გაგრძელება და მრევლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში. გადაწყვეტილება ძალიან მტკივნეული და მძიმედ მისაღებია". 

მოსკოვის პატრიარქმა კირილმა, რომელიც ვლადიმირ პუტინის მოკავშირეა, მხარი დაუჭირა კრემლის გადაწყვეტილებას უკრაინაში შეჭრის შესახებ, უკრაინელებს კი "ბოროტი ძალები" უწოდა. მისი თქმით, უკრაინაში ომის მიზეზი ლგბტქ პრაიდებია, რომლებიც დასავლეთში ტარდება. 

ჰოლანდიაში მცხოვრები რუსი სასულიერო პირების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ "კანონიკური გათავისუფლების" თხოვნით მიმართეს რუსეთის ეპარქიის ეპისკოპოსს ჰააგაში. 

მათივე განცხადებით, სურთ, შეუერთდნენ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქედ განიხილება. 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ამსტერდამში 4 მღვდელს და ერთ დიაკონს აერთიანებს. ისინი რუსეთის როლს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან მწვავედ აკრიტიკებენ. 

გასულ კვირას მათ განაცხადეს, რომ ლოცვებში რუსეთის პატრიარქ კირილს აღარ მოიხსენიებენ. 


close დახურვა